Thumbnail

მადრიდის რეალში კილიან მბაპეს ტრანსფერზე საუბარი ბოლო დღეებში ისევ განახლდა, რაც თავად ფრანგი ფეხბურთელის კომენტარით იყო განპირობებული. მბაპემ არ დამალა, რომ გასულ ზაფხულში ესპანურ გრანდში გადასვლას ცდილობდა.

ამას მოჰყვა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ იანვარში მბაპეს ტრანსფერზე სიახლეები იქნება. რასაკვირველია, პერესის საკმაოდ მოულოდნელი კომენტარი პსჟ-ში უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.

პარი სენ-ჟერმენის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მადრიდული გრანდი და მისი პრეზიდენტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

"ჯერ ფეხბურთელი (ბენზემა), შემდეგ მწვრთნელი და ახლა პრეზიდენტი საუბრობენ კილიანზე, თითქოს მათი ფეხბურთელი იყოს. შევახსენებ მათ, რომ სატრანსფერო ბაზარი დახურულია! ახლა სეზონი მიმდინარეობს და რეალს არ აქვს უფლება ასე მოქცევა გააგრძელოს! მბაპე პსჟ-ს ფეხბურთელია და კლუბმა გასაგებად თქვა, რომ მოთამაშესთან არსებული ურთიერთობა მტკიცეა. ეს ახალი განცხადება მხოლოდ უპატივცემულობას გამოხატავს პსჟ-სა და ფეხბურთელისადმი, რომლის მოთმენა შეუძლებელია", - თქვა ‘ეკიპთან’ ინტერვიუში ბრაზილიელმა.

კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ამგვარად, იანვარში მას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, თუ რა თქმა უნდა, მანამდე პარიზელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელზეც შეთანხმების მიღწევა მხარეებმა დღემდე ვერ მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები