Thumbnail

PREVIEW | ფიური ფავორიტია, თუმცა უაილდერის მარჯვენა არ გამქრალა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 📅 10 ოქტომბერი | ⌚ 05:00 | 🥊 ტაისონ ფიური V დეონტეი უაილდერი
  • ფიური ამ ბრძოლაში უპირობო ფავორიტია
  • უაილდერმა მწვრთნელი შეცვალა და წინა მარცხს არ აღიარებს
  • ამერიკელის წაგება დიდ კრივში მის კარიერას დაასრულებს

‘მოგიგებ და შემდეგ ისევ სწრაფი კვების ობიექტზე მოგიწევს მუშაობა’ - ასე დაემუქრა ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერს პრესკონფერენციაზე.

ფიურის სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის. ბუნებრივია, უაილდერს სწრაფ კვებაში მუშაობა აღარასოდეს მოუწევს, მაგრამ ის მთელ კარიერას რისკავს. კიდევ ერთი მარცხი ბრიტანელთან და უაილდერი კრივის ლეგენდის სტატუსს ალბათ საბოლოოდ დაკარგავს. კრივის ისტორიაში იტყვიან, რომ მძიმე წონაში ჩვენ ტაისონ ფიურის ეპოქაში ვიცხოვრეთ. უაილდერის სახელი და მის მიერ ზედიზედ მოგებული 43 ბრძოლა ფიურის ჩემპიონობების, ეპიკური დაბრუნების და ნოკდაუნიდან ადგომის ისტორიებში დაიკარგება.

ორი ბრძოლაა, ამერიკელი ბრიტანელს ვერაფერს უხერხებს. უფრო სწორად, პირველ ბრძოლაში ორჯერ მაგრად მოარტყა, ერთხელ ისეთი, რომ თითქმის მოუგო კიდეც - ფიური ნოკდაუნიდან აღარ უნდა ამდგარიყო, მაგრამ მაინც ადგა. თუმცა, იმ ბრძოლაშიც ჩანდა, რომ ‘ბოშათა მეფე’ უკეთესი მებრძოლია - მეტს და უკეთ მოძრაობს, უკეთესი ტექნიკა და ბევრად დიდი საკრივო ინტელექტი აქვს.

20 თვის წინ ფიურის უაილდერი მაგრად შემოელახა - ისე, რომ ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დეონტეის ასე გალახვა შესაძლებელი იყო.

მეორე ბრძოლა ფიურის სრული უპირატესობით წარიმართა

ამის შემდეგ უაილდერის კარიერაში უცნაური პერიოდი დაიწყო - ამერიკელი ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია ფიურისთან მატჩ-რევანშისთვის და ამავე დროს, თავის მარცხს სრულიად აუხსნელ რამეებს აბრალებდა. უაილდერმა თავისი წაგება ჯერ ზედმეტად მძიმე მეტალის კოსტუმს დააბრალა, რომლითაც იგი ბრძოლაზე გამოვიდა, შემდეგ ამტკიცებდა, რომ ფიურის ხელთათმანები ზედმეტად მძიმე იყო, აბრალებდა თავის მარცხს მსაჯებს, ტრავმებს, საკუთარ მწვრთნელებს, ფიურის არაკეთილსინდისიერებას. თითქმის ორი წელია, რაც ამას ვისმენთ და შთაბეჭდილება ყველას ერთი გვრჩება - უაილდერი თავს იტყუებს და თავისი შეცდომების აღიარება არ უნდა. ეს კი მის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

უაილდერი: ‘მე იმისი მჯერა, რისიც მჯერა. ჩემი თვალები არ იტყუება. ბოლომდე ჩემი რწმენით ვაპირებ ცხოვრებას.’

კრივში მატჩ-რევანშზე ზედმეტი ემოციით გასვლა თითქმის გარანტირებულ წაგებას ნიშნავს და ამერიკელიც ახლა ყველაფერს ჰგავს, გარდა მშვიდი და რაციონალური კაცისა. თუკი ის გულის სიღრმეში მართლა არ აღიარებს იმას, რომ ფიურის მასთან შედარებით ბევრი პლუსი აქვს და წინა ბრძოლაშიც ბევრად უკეთესი ტაქტიკური გეგმის წყალობით მოუგო, მაშინ მას ადეკვატური საბრძოლო გეგმის მოფიქრება გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები, ბუკმეკერები და გულშემატკივარი ერთსულოვანნი არიან - ფიური უპირობო ფავორიტია.

ფიური: ‘მისი თავის გასამართლებელი მიზეზები მხოლოდ ერთ რამეს მეუბნება - ის სუსტი ადამიანია და მაგრად წააგებს.’

ბრიტანელის შანსებს ზრდის ის ფაქტიც, რომ ‘ბომბდამშენმა’ ალაბამადან თავისი წინა მარცხი მწვრთნელს დააბრალა, რომელმაც მსაჯს ბრძოლის დასრულების ნიშანი მისცა. მარკ ბრილენდი დეონტეის ბანაკში 12 წელი ირიცხებოდა და სწორედ მის ხელში მოიგო ამერიკელმა ქამარი 2015 წელს და მას შემდეგ ის ქამარი 10-ჯერ დაიცვა. ‘მე ჩემს გუნდში სუსტი პერსონის გამო წავაგე’ - ასე ჟღერდა უაილდერის მორიგი თავის გასამართლებელი მიზეზი. ბრილენდმაც ეს აღარ მოითმინა და გუნდიდან წავიდა - თანაც ისე, რომ ყველას გასაგონად თქვა: ‘უაილდერის გაწვრთნა შეუძლებელია!’

უაილდერს ახალი მწვრთნელი ჰყავს, სკოტი, მისი ყოფილი ოპონენტი. თუმცა, ეს მის შანსებს არ ზრდის. ნაცადი მწვრთნელის შეცვლა იშვიათად მთავრდება ხოლმე კარგად. ზოგადად, რთული წარმოსადგენია, ამერიკელმა ფიურის ტაქტიკური მომზადებით, ან სწორი სტრატეგიით მოუგოს, ბრიტანელი უფრო მობილური, მრავალმხრივი და ჭკვიანია. თუმცა, უაილდერის მარჯვენა არსად წასულა და მას ე.წ. დამრტყმელის შანსი შენარჩუნებული აქვს. ფიური ერთხელ ადგა მისი მარჯვენის შემდეგ, თუმცა არავინ იცის, ამას მეორედ თუ შეძლებს. მოკლედ, უაილდერი უშანსოდ არავისთანაა და სწორედ ამიტომ მიიჩნევს ფიური, რომ ის დივიზიონში ყველაზე სახიფათო ოპონენტია.

ფიური პრესკონფერენციაზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა

ფიურის კოვიდის და შვილის ავადმყოფობის გამო ზაფხულში საწვრთნელი ბანაკი ჩაუვარდა. ზოგადად, მას უაილდერთან მესამე ჩხუბი არცთუ ისე ძალიან უნდოდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ენტონი ჯოშუასთან სრულიად ბრიტანული ბრძოლა ეჩხუბა. ეს არ გამოვიდა - უაილდერმა მაინც თავისი გაიტანა და რამდენჯერმე ბრძოლის გადადების შემდეგ რევანშის საშუალება მაინც მიიღო.

ამასობაში, ჯოშუამ უსიკთან წააგო და ახლა მისი და ფიურის ჩხუბი უკვე შორეული პერსპექტივაა და ზოგადად, ჯოშუა ფიურის კალიბრის მოკრივე არ ჩანს. უსიკი მაგარია, თუმცა უსიკი-ფიური მაინც არ არის იმ მასშტაბის მოვლენა, როგორიც ბრიტანული დერბი იქნებოდა. თუნდაც მარკეტინგულად ასეა.

მოკლედ, მძიმე წონაში უაილდერი - ფიური ამ ეტაპზე მთავარი ჩხუბია. ან უაილდერი შეძლებს დაბრუნებას, ან მისი კარიერა ამ დონეზე დასრულებულია, ხოლო ტაისონ ფიური სამართლიანად აჩვენებს, რომ ის უძლიერესია უძლიერესთა შორის - ‘ბოშათა მეფე’ თავისი ლეგენდის ახალ თავს დაწერს.

კომენტარები

ბოლო ამბები