Thumbnail
  • ჩრდილოეთ მაკედონია 0:4 გერმანია
  • გერმანიის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის საგზური პირველმა გაინაღდა
  • კაი ჰავერტცმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაში პირველმა გაინაღდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას ანგარიშით 4:0 მოუგო და ისტორიაში მეოცედ, მუნდიალზე გამოვა. 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა გატანა 50-ე წუთიდან დაიწყეს. ოთხიდან ერთი გოლი გერმანელთა ნახევარმცველმა კაი ჰავერტცმა გაიტანა, რომელმაც თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში კარგი მომენტები შევქმენით. იყო ერთი-ორი კარგი შესაძლებლობა, რომელთა გამოყენება უკეთესადაც შეიძლებოდა. საბედნიეროდ, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით. 

მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კარგად გავლა, განსაკუთრებით ევროს შემდეგ, რომელმაც იმედი გაგვიცრუა. ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა. როდესაც გერმანიის სახელით გამოდიხარ, მიზანი ყოველთვის ტიტულის მოგებაა. სწორედ ამ განწყობით წავალთ მომავალ წელს მუნდიალზე, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა", - თქვა 22 წლის ფეხბურთელმა.


მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ J ჯგუფში 21 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი და ყატარის საგზური გაინაღდა. ჩრდილოეთ მაკედონია 12 ქულით მესამეა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ⅛-ფინალში, ინგლისთან მარცხით დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები