Thumbnail

ვინ უმასპინძლებს ევრო 2028-ს? - უეფამ მოთხოვნები ჩამოწერა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევრო 2028-ის მასპინძლობისთვის განაცხადების მიღება დაწყებულია
  • სავარაუდო კანდიდატები ცნობილია, უეფას - მოთხოვნებიც.

უეფამ დაასახელა ის კრიტერიუმები, რაც საჭირო იქნება ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადი უეფაში 2022 წლის მარტამდე უნდა შეიტანოს. მასპინძლის ვინაობას კონტინენტის საფეხბურთო ხელმძღვანელობა 2023 წლის სექტემბერში აირჩევს.

უეფა არ გამორიცხავს, რომ მიიღებს საერთო განაცხადებს ქვეყნებისგან, ოღონდ, ერთი აუცილებელი პირობით - მასპინძლობის მსურველი ქვეყნები გეოგრაფიულად ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთისგან.

ევრო 2028-ის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს 10 სტადიონი, რომელთაგანაც ერთი მინიმუმ 60 ათას ადამიანს უნდა იტევდეს, კიდევ ერთი კი - 50 ათასს. 10 სტადიონიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს 30 000 ადამიანზე ნაკლები ტევადობის. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს გაიმართა, 11-მა ქვეყანამ უმასპინძლა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია. ევრო 2024-ს მხოლოდ ერთი მასპინძელი ეყოლება - გერმანია. 

ევრო 2028-ზე შესაძლოა, 24-ის ნაცვლად 32 გუნდი დაუშვან, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა (ერთობლივად) სურთ ბალკანურ ქვეყნებს - რუმინეთს, საბერძნეთს, ბულგარეთსა და სერბეთს. ხუთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, განაცხადის შეტანას აუცილებლად აპირებს თურქეთი (დამოუკიდებლად). იდეის დონეზე ასევე განიხილება: იტალიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ესპანეთის (ერთობლივი), რუსეთისა და სკანდინავიის ქვეყნების (დანია, ფარერები, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია) განაცხადებიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები