Thumbnail

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც პარიზის გრანდ სლემზე გააკეთეს განაცხადი, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ 16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილ ტურნირზე, რომელიც საიუბილეო (რიგით 50-ე) გახლავთ, ტატამიზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავა.

ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.) პირველ წრეში კანადელ გაბრიელ ჟუტოს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალებს სავარაუდოდ ფრანგ გილიომ შაინესთან მოსინჯავს, რომელსაც აბდულეჰა ალბალის (საუდის არაბეთი) დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

პირველი განთესვით ჩაებმება ტურნირში ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), რომელიც მე-2 რაუნდში მონღოლ მურენსტენ ბატულგასა და ზელანდიელ ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებულს ელის. ასევე მე-2 წრეშია დაშვებული ლუკა მაისურაძე (90 კგ.), რომელიც ბრაზილიელ მარსელო გომესს ანაც რუს დავიდ ოგანისიანს დაუპირისპირდება.

ონისე სანებლიძეც გამოსვლას მე-2 წრიდან დაიწყებს და ჰამად ალრაშედისა (ქუვეითი) და ხამზატ საპარბაევის (ფრანგი) ორთაბრძოლაში უმჯობესს დაელოდება. ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა ტურნირში: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) მე-2 რაუნდში მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს შეხვდება და თუკი მოიგო, ებრაელი კერემ პრიმოსა და ფრანგი ფაიზა მოკდარის შეხვედრაში გამარჯვებულს გაეჯიბრება.

პარიზის გრანდ სლემის განრიგის თანახმად, 16 ოქტომბერს საქმეში ქართველ ძიუდოისტთაგან მარგველაშვილსა და ლიპარტელიანს ვიხილავთ, 17-ში კი, Bercy Arena-ს ტატამიზე გრიგალაშვილი, მაისურაძე და სანებლიძე გავლენ. ფინალური ბლოკი ორივე დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები