Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 4:6, 1:6 კამერონ ნორი
  • 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ჩემპიონობამდე 1 სეტის მოგება დააკლდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1000-იანი მასტერის ფინალში დამარცხდა. 29 წლის ჩოგბურთელმა ისტორია მაინც დაწერა, რადგან პირველი ქართველი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა.

ინდიან ველსის (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) ფინალში მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იყო, რომელმაც ასევე პირველად ითამაშა ინდიან ველსის ფინალში. ამდენად, ორივე ჩოგბურთელისთვის კარიერის გამორჩეული თამაში გახლდათ. საბოლოოდ გამარჯვება ნორის დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თამაშს ბასილაშვილი აკონტროლებდა, მაგრამ მე-2 სეტის მე-4 გეიმიდან ყველაფერი შეიცვალა.

პირველი სეტი ნორისთვის უკეთ დაიწყო და მე-3 გეიმში შეხვედრის პირველი ბრეიკიც მან შეასრულა. ბრიტანელმა სეტი 3:1 წაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ ნიკამ თამაშში გარდატეხა შეიტანა, ზედიზედ ორი ბრეიკი გაახერხა, თავის ჩაწოდებაზე შეცდომა არ დაუშვია, ამგვარად მიჯრით 5 გეიმი მოიგო და დაწინაურდა. ბასილაშვილმა სეტი, რომელშიც 1:3 მარცხდებოდა, ზუსტად 30 წუთში 6:3 მოიგო და ისტორიული გამარჯვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ბასილაშვილმა დამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ ბოლოს დაღლაც დაეტყო

29 წლის ქართველმა მე-2 სეტიც კარგად დაიწყო და მე-3 გეიმში მეტოქეე დააბრეიკა, რითაც 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ნორიმ იქვე უკუბრეიკი გაახერხა, სეტში უპირატესობა დაიბრუნა და ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია. ზოგადად, მეორე სეტში ბასილაშვილს საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმის იოლად მოგება აღარ გამოსდიოდა და 4:5-ზე ნორიმ მეორე ბრეიკი გაახერხა, რითაც სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა - 4:6. ამგვარად სეტებში ანგარიში გათანაბრდა და ინდიან ველსის ბედი მე-3 სეტში გადაწყდა.

კამერონ ნორი თამაშის ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეცდომას აღარ უშვებდა და ბასილაშვილს ძალიან გაუჭირდა უშეცდომო ბრიტანელთან დაპირისპირება. გადამწყვეტი სეტი ნიკასთვის ცუდად დაიწყო და პირველივე საკუთარი ჩაწოდება წააგო და 0:2 ჩამორჩა. ქართველს იქვე შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, სამმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ზედიზედ 5 გათამაშება წააგო - ყველა შემთხვევაში ბურთი აუტში მისი დარტყმის შედეგად გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გეიმმა ყველაფერი გადაწყვიტა და ბასილაშვილი გატყდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მობილიზება ვეღარ მოახერხა და სეტი შანსის გარეშე 1:6 წააგო, ხოლო ფინალური შეხვედრა 6:3, 4:6, 1:6 და ჩემპიონობამდე ერთადერთი სეტის მოგება დააკლდა.

ნორიმ მეორე სეტიდან პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა

შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა, ნიკას 2 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ნორიმ 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომით დაასრულა შეხვედრა. ქართველს 49 უნებლიე შეცდომა და 22 ვინერსი ჰქონდა, მის მეტოქეს კი - 25 უნებლიე შეცდომა და 10 ვინერსი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის ფინალში გასვლით 510 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 36-ე ადგილიდან 27-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

გავიხსენოთ, რომ ინდიან ველსში ბასილაშვილი 1/32 ფინალიდან ჩაება და თავიდან კრისტოფერ ეუბანკსი 6:4, 6:3 დაამარცხა, შემდეგ ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6, 6:2 აჯობა, 1/8-ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვის ბარიერი დაძლია (6:4, 7:6), ხოლო 1/4-ფინალში რეიტინგის მე-3 ნომერ, ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია (6:4, 2:6, 6:4), ნახევარფინალში კი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:3 დაამარცხა და ფინალამდე ამგვარად მივიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები