Thumbnail

პარიზის გრანდ სლემზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა! ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ვერცხლი დაისაკუთრა, ლუკა მაისურაძემ (-90 კგ), ონისე სანებლიძემ (-100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვეს. ორშაბათს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

რეიტინგში დიდი პროგრესი აქვს ეთერ ლიპარტელიანს, რომელსაც 3 674 ქულა აქვს. ეს 300 ქულით მეტია წინა მაჩვენებელზე. ეთერი წონაში მე-6 პოზიციაზე გადავიდა (+4) და ლიდერებს მიუახლოვდა.

81 კილო წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ისედაც პირველ ადგილზე იყო. პარიზში ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, ტატოს 200 ქულით მეტი აქვს, ახლა მას 6 867 ქულა აქვს. უახლოეს კონკურენტ მათიას კასეს (ბელგია) ტატო თითქმის 800 ქულით უსწრებს. მეტიც, ვაჟთა შორის ამდენი ქულა (ყველა წონაში) არავის აქვს და ტატო მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერია. 

90 კილოში ლიდერს, ლაშა ბექაურს არ უჭიდავია, მაგრამ ლუკა მაისურაძემ პარიზში ბრინჯაო მოიპოვა და ახლა მას 1 490 ქულა აქვს და 29-ე პოზიციაზეა. 100 კილოში ონისე სანებლიძეს 1 485 ქულა აქვს და რეიტინგში 25-ეა. 

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა სამ წონაში მსოფლიო რეიტინგს ქართველები ლიდერობენ: ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური. თავის წონაში მეორე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები