Thumbnail
  • ილიას ზუროსის გუნდს ნოემბერში საკვალიფიკაციო მატჩები ელის
  • ამ ფონზე, ტრავმირებული კალათბურთელების სიმრავლე, ძალიან დამაფიქრებელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც ნოემბერში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის, არაერთი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. თუკი გიორგი შერმადინის მოედანზე დაბრუნებას მალევე უნდა ველოდეთ, უფრო რთულად არის თორნიკე შენგელიასა და მითუმეტეს, გიორგი ცინცაძის საქმეები. მათ შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გააკეთა:

“თორნიკემ მხრის არეში ტკივილი ზენიტთან მატჩის შემდეგ იგრძნო. საავადმყოფოში ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და გამოჩნდა მხრის სახსრის როტატორული მანჟეტის ნაწილობრივი დაზიანება. დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობის კურსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს რთულია თქმა, როდის შეძლებს შენგელია თამაშს. მკურნალობის დინამიკიდან გამომდინარე, განისაზღვრება მისი სპორტში დაბრუნების დრო.

ცინცაძეს მატჩისას მუხლის სახსრის წინაჯვარედინი იოგი დაუზიანდა. სწორედ ის ადგილია, რომელზეც 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერადაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სწორედ ოპერაციისას განისაზღვრება დაზიანების ხარისხი. თუ იოგს აქვს რესურსი თერაპიის ფონზე გაუმჯობესდეს, დიდი ჩარევა არ დასჭირდება და რეაბილიტაციისთვის 6 თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ დიდი ჩარევა დასჭირდა, რეაბილიტაცია 9 თვემდე გაგრძელდება. ოპერაცია ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი და მას ორთოპედ-ქირურგი ლევან ნაჭყებია გააკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრები G ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია ეყოლება. ილიას ზუროსის გუნდი 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 29-ში ესპანეთს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები