Thumbnail

რამდენიმე ხნის წინ, არსენ ვენგერმა ყველა დროის უძლიერეს ნაკრებად 1970 წლის ბრაზილია დაასახელა. მერე გაიხსენა, როგორ უგებდა ეს გუნდი ყველას, როგორ მაგრად და ლამაზად თამაშობდა და ა.შ. ვენგერს არ უხსენებია ის ფაქტი, რომ ფინალში ბრაზილია გასავათებულ იტალიას შეხვდა, რომელმაც მანამდე, დამატებით დროში, გერმანია არანორმალურად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ეს ფაქტი ვენგერის პასუხად იმიტომ გამახსენდა, რომ ბრაზილიელების ფანი არ ვარ და რაც არ უნდა ვეცადო, ობიექტური ვიყო, მაინც არ მასვენებს ხოლმე გამჩენი და ვცდილობ, მათი წარმატება როგორმე დავაკნინო. ჰოდა, 1970 წელზე უკვე მოგახსენეთ. 1958 წელს ნახევარფინალი იმის წყალობით მოიგეს, რომ ფრანგების წამყვანმა მცველმა ჟონკემ წვივი გაიბზარა და ასე ითამაშა მატჩის ბოლომდე (მაშინ შეცვლები არ შეიძლებოდა); 1994 წლის ფინალში ბაჯო ტრავმირებული თამაშობდა; 2002 წლის ფინალში გერმანიას ბალაკი არ ჰყავდა. თუ მოვინდომებთ, ალბათ 1962 წელზეც შეიძლება რაიმეს გახსენება...

აქვე მახსენდება, რომ არც იტალიელების ფანი ვარ. ჰოდა, 1982 წელს ფინალში დაღლილ გერმანიას შეხვდნენ (ფრანგებთან ლეგენდარული ნახევარფინალის შემდეგ); 2006 წლის ფინალში ზიდანს გადაეკეტა; 1930-იანებზე საუბარი სასაცილოა. იქ ერთი ტიტული აშკარად მუსოლინის ნაჩალიჩარია.

მოიცა, მახსენდება, რომ არც გერმანიის ფანი ვარ. 1954 წელს პუშკაში ტრავმირებული თამაშობდა ფინალში. თანაც, იმ დღეს გაწვიმდა და გერმანელებს "ადიდასის" ბუცები ეცვათ რაღაც "ნავაროტკით", მინდორზე რომ არ სრიალებდა (ტოტალიტარულ უნგრეთს კი აბა საიდან უნდა ჰქონოდა "ადიდასები").

1974 წელს, ფინალის წინ, კრუიფი გერმანელმა ჟურნალისტებმა ქალების კამპანიაში გამოაჭენეს და "მფრინავი ჰოლანდიელი" იძულებული გახდა, მთელი ღამე ტელეფონით ცოლისთვის ბოდიშებში გაეტარებინა. 1990 წელს, არგენტინასთან მსაჯმა პენალტი მოიგონა. ჰო! საწყალი მარადონა, როგორ ტიროდა თამაშის შემდეგ, ასე უსამართლოდ რომ ააცალეს მეორე ტიტული (არადა, ვაღიარებ, მაშინ სულ არ შემცოდებია, რადგან "ღმერთის ხელის" შემდეგ დიდხანს არ მომიბრუნდა მასზე გული).

ჰოლანდია ვახსენე. ერთადერთი ტიტული 1988 წელს მოიგეს იმის წყალობით, რომ ლობანოვსკის ფინალისათვის გუნდში მცველები თითქმის არ შერჩა; ვან ბასტენმა ისეთი გოლი შეაგდო, მასაც რომ არ გაუტანია არც მანამდე და არც მას შემდეგ; ბელანოვმა კი პენალტი გააფუჭა.

...და ასე შემდეგ, თითქმის დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო. იმარჯვებს ის, ვინც ფინალამდე უკეთეს ფორმაში მიაღწევს (როგორც ნაპოლეონი იტყოდა, ომებს ლოგისტიკა უფრო იგებს, ვიდრე სტრატეგია). იმარჯვებს ის, ვისაც უმართლებს (ყველა ჩემპიონს რაღაცაში გაუმართლა, მაგალითად პენალტების სერიაში).

ფინალამდე უკეთეს ფორმაში მიღწევა, ასე თუ ისე, გუნდსა და მის მწვრთნელზეა დამოკიდებული. საამისოდ საჭიროა, გქონდეს გრძელი სათადარიგო სკამი, რათა მოთამაშეები დაასვენო და ტრავმირებულები თუ დისკვალიფიკაცირებულები იოლად ჩაანაცვლო. უნდა გაითვალისწინო უფრო ელემენტარული საკითხებიც, როგორიცაა ნორმალური კვება, წყნარ და მშვიდ ადგილას ცხოვრება, აკლიმატიზაცია (მაგალითად, თუ ევროპელი ხარ და ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე ტარდება, სულ ცოტა ერთი კვირით ადრე უნდა გადაფრინდე იქ). საუბარი აღარაა იმაზე, რომ ძალები უნდა დაზოგო და გათვალო, აქედან გამომდინარე მიუდგე ყველა შეხვედრას. შეუძლებელია, ყველა მატჩი მაგრად ჩაატარო. უკეთესია, დაიწყო ნელა და შემდეგ მოუმატო (იტალია 1982 წელს) ვიდრე თავიდან ყველა დაიფრინო და მერე გამოვარდე (უამრავი მაგალითია, თუნდაც იგივე 1982 წლის ბრაზილია).

მაგრამ აი, გამართლება (luck) კი ნაკლებადაა დამოკიდებული გუნდსა და მწვრთნელზე. აი, 1986 წელია. რა უნდა ქნა, როცა გერმანელი ხარ და ჩემპიონატი მექსიკის პაპანაქებაში ტარდება? რა უნდა ქნა, როცა ფრანგი ხარ და პლეიოფებში ჯერ იტალია გხვდება, მერე ბრაზილია, მერე გერმანია? აი, არგენტინას კი არცისე ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე დიეგოს ეუბნებიან, ეს კლიმატი შენზეა ზედგამოჭრილიო. მერე ხელით გააქვს გოლი და მსაჯი ამას ვერ ხედავს…

ჩემი აზრით, 1986 ყველაზე მაგარი ჩემპიონატი იყო, მაგრამ ამაზე ოდესღაც მერე დავწერ. ისე კი კარგია, რომ ბოლო პერიოდში ფეხბურთს საშველი დაადგა და ვიდეორეფერის წყალობით იგივე ხელით გატანილი გოლები აღარ ითვლება. ასევე კარგია, რომ მსაჯობა გამკაცრდა და მაშინ იგივე მარადონას ფეხებში რომ ურტყამდნენ, ახლა ეს წარმოუდგენელია. ახლა მეტი შანსია, რომ ძლიერი გუნდები არ დაიჩაგრონ. ადრე ამ მხრივ საქმე გაცილებით უარესად იყო. მაშინ luck-ის ფაქტორიც გაცილებით უფრო დიდ როლს თამაშობდა, რადგან მსაჯობა იშვიათად თუ ვარგოდა ხოლმე.

მოკლედ, რაც დრო გადის, ფეხბურთი უფრო სამართლიანი ხდება. მადლობა ფიფასა და უეფას. რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მაგრამ გამართლების ფაქტორი მაინც დარჩება და ამაში არაფერია ცუდი. ფეხბურთი ხომ იმიტომ გვიყვარს, რომ ცხოვრებას ჰგავს - საინტერესო და დაძაბულია და ამავე დროს არაპროგნოზირებადი და ზოგჯერ ალოგიკური და უსამართლოც კი. კალათბურთში იშვიათია, სუსტმა გუნდმა ძლიერს მოუგოს, ფეხბურთში კი რა არ მომხდარა. სწორედ ამის გამოა ყველაზე პოპულარული სპორტის ეს სახეობა. აქ ხომ წინასწარ ვერაფერს გათვლი. აქ ინტრიგა ჯგუფურ ეტაპზე იწყება და ფინალის ჩათვლით ნარჩუნდება.

კარგია, რომ უსამართლო მსაჯობა თითქმის მოისპო, მაგრამ ასევე კარგია, რომ გამართლებისა და ინტრიგის მომენტს ვერავინ მოსპობს. ცუდია, დღემდე იმაზე რომ ვმსჯელობთ, 1966 წლის ფინალში ნამდვილად გადაკვეთა თუ არა ბურთმა გერმანელთა კარის ხაზი, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, ნარცისიზმით შეპყრობილ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს აუტსაიდერი რომ მოუგებს და ჯგუფში ჩატოვებს.

ბოლოსკენ კი ისევ ვენგერს წავეკამათები. ყველაზე მაგარი გუნდი ალბათ 2008-2012 წლების ესპანეთი იყო. სხვა თუ არაფერი, ეგეთი მიღწევები არავის ჰქონია. მიღწევებსაც რომ შევეშვათ და უბრალოდ გუნდები შევადაროთ, ეს ესპანეთი გაცილებით უფრო დაბალანსებული ჩანს, ვიდრე ის ბრაზილია. სხვა თუ არაფერი, გაცილებით უკეთესი მეკარე ჰყავდათ. კიდევ რა? კი, პელე პელეა, მაგრამ ინიესტასა და ჩავის მსგავსი შუახაზელები ბრაზილიას 1970 წელს კი არა, ალბათ არასოდეს ჰყოლია.

ამასობაში კი შეიძლება ზოგიერთი დაინტერესდა, თავად ავტორი რომელ გუნდს გულშემატკივრობსო. ფრანგებს, ჩემო მკითხველო. მიზეზი მარტივია - 1982 იყო ჩემი პირველი ჩემპიონატი და იქ ფრანგებმა მაგრად ითამაშეს, მერე კი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.ჰოდა, სხვათა შორის, ბოლო მუნდიალი ფრანგებმა ისე მოიგეს, ვერ იტყვი, რომ რამეში განსაკუთრებულად გაუმართლათ. ასეა თუ არა?... არა, არაა ასე. ხორვატიამ ფინალამდე რამდენიმე დამატებითი ითამაშა და დაღლილი იყო. დიახ, ფრანგებსაც გაუმართლათ რაღაცაში. 1998 წელს კი რონალდო გახდა ფინალის წინ ავად...

თორნიკე შარაშენიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, დიპლომატიის ისტორიაზე კარგი წიგნების ავტორი და ფეხბურთის გულშემატკივარი.

კომენტარები

ბოლო ამბები