Thumbnail
  • დავიდ ალაბასთვის პირველივე ელ კლასიკო ტრიუმფალური გამოდგა
  • რეალის ახალმა “ოთხიანმა” მაგარი გოლი გაიტანა და ყველა მას აქებს

დავიდ ალაბა რეალ მადრიდში თავისი სადებიუტო გოლისთვის ამაზე უკეთეს მატჩს ვერც კი ინატრებდა. ავსტრიელმა მცველმა რეალის ფორმით პირველი გოლი პირდაპირ “ელ კლასიკოში”, ბარსელონას გაუტანა!

მადრიდელებმა კატალონიელები 2:1 დაამარცხეს, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში უკვე 5 ქულით უსწრებენ და ეს ალაბას დამსახურებაცაა. საინტერესოა, რომ ავსტრიელმა “ნოუ კამპზე” ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო (მანამდე, ბაიერნთან ერთად 2:0, 3:1 და 2:1).

“ჩემი პირველი კლასიკო და პირველი გოლი - ძალიან ბედნიერი ვარ,” - თქვა მატჩის შემდეგ ავსტრიელმა.

“ალაბამ რეალი ისეთი გოლით დააწინაურა, რომლითაც სერხიო რამოსი იამაყებდა,” - წერს “დეილი მეილი”.

“ალაბას საოცნებო გოლმა ბარსელონას დაცვის ხაზის რეალური სახე დაგვანახა. ავსტრიელი თავის პირველ კლასიკოში დაცვაშიც შეუდარებელი იყო და თავდასხმაშიც,” - ვკითხულობთ La Sexta-ში.

ფრანგული სპორტული გამოცემა L‘Equipe წერს, რომ დავიდ ალაბას გოლი “მეფური” იყო - ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა ავსტრიელი “ელ კლასიკოს” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: “ალაბა დაცვაში ძალიან კონცენტრირებული იყო და ანსუ ფატის წინააღმდეგ ბევრჯერ ითამაშა შესანიშნავად. ავსტრიელი ულაპარაკოდ მატჩის გმირია.”

ალაბას და ფატის დუელს გაუსვა ხაზი Mundo Deportivo-მაც: “რამოსის შემცვლელმა მესის შემცვლელი განაიარაღა. ალაბამ ედერ მილიტაოსთან ერთად შექმნა კედელი, რომელსაც ბარსას შემტევებმა ვერაფერი მოუხერხეს.”

რეალის ახალი მე-4 ნომერს ქება არც მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დააკლო: “როგორც წესი, ალაბა დაცვის ცენტრში თამაშობს, ცენტრალურ მცველს ამ ზონაში არც უნდა ელოდო, მაგრამ დავიდი იმიტომაც არის განსაკუთრებული ფეხბურთელი, რომ ასეთები შეუძლია.”

კომენტარები

ბოლო ამბები