Thumbnail

გოგა ბითაძის მე-100 მატჩი NBA-ში მისთვის განსაკუთრებული გამოდგა - მართალია, მისი გუნდი NBA-ის ჩემპიონ მილუოკისთან 10 ქულის სხვაობით დამარცხდა, მაგრამ 22 წლის ცენტრმა სეზონში პირველად ითამაშა და ძალიან კარგადაც - მან 7 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგამ გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი თავიდან ბოლომდე ითამაშა. ამას დავუმატოთ, რომ ეს იყო პირველი დაპირისპირება NBA-ის მეხუთე და მეექვსე ქართველს შორის (სანდრო მამუკელაშვილმა 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა) და გოგას კარიერის რეკორდი მეტოქის ფარზე მოხსნებში.

მატჩის შემდეგ ინდიანა პეისერსის თავკაცმა რიკ კარლაილმა გოგა გამოარჩია და შეაქო: "ძალიან მომწონს მისი მზადყოფნა თამაშისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩებში არ უთამაშია". 

რაც შეეხება კარიერის მიღწევას - გოგამ მილუოკის ფარზე ბურთი 7-ჯერ მოხსნა და ერთბაშად სამი მოხსნით გააუმჯობესა თავისი მიღწევა NBA-ში. მან საკუთარი რეკორდი გაიმეორა ჩაჭრებში. 7 მოხსნა მეტოქის ფარზე ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ქართული რეკორდის მოხსნა ძალზე ძნელი იქნება, რადგან ზაზა ფაჩულიას 18-ჯერ აქვს ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნილი. საერთოდაც, ქართული რეკორდების აბსოლუტური უმეტესობა მას ეკუთვნის, ბლოკებისა და სამქულიანების გარდა.

სანდრო საშუალოდ 3.5 ქულას, 2.0 მოხსნას და 0.5 პასს აკეთებს

ორიოდე სიტყვით მამუკელაშვილზეც - სანდრომ კარიერაში მხოლოდ მე-4 მატჩი ითამაშა და მეორედ შეძლო გუნდისთვის ქულების მოტანა. 22 წლის ქართველი ფორვარდი დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს, სეზონის სტატისტიკაში კი ახალბედებში მე-20 ადგილზეა საშუალოდ, 3.5 ქულით და 2.0 მოხსნით თამაშში. 

გოგა ბითაძის რეკორდები NBA-ში

წუთები: 32 - 2019 წელს ჰორნეტსთან
ქულები: 14 - 2021 წელს ტიმბერვულვზსთან
მოხსნები: 11 - 2019 წელს ჰორნეტსთან
პასები: 6 - 2021 წელს ბულსთან
ჩაჭრები: 2 - 4-ჯერ, მათ შორის გუშინ მილუოკისთან
დაფარებები: 5 - 2021 წელს სპურსთან
მოხსნები შეტევაში: 7 - 2021 წელს ბაქსთან
მოხსნები დაცვაში: 7 - 2019 წელს ჰორნეტსთან
3-ქულიანები: 3 - 2021 წელს ჯაზთან

ქართული რეკორდები NBA-ში

წუთები: 54 - ზაზა ფაჩულია (2012)
ქულები: 27 - ზაზა ფაჩულია (2007)
მოხსნები: 21 - ზაზა ფაჩულია (2015)
პასები: 10 - ზაზა ფაჩულია (2014)
ჩაჭრები: 5 - ზაზა ფაჩულია (2016)
დაფარებები: 7 - ვლადიმერ სტეფანია (2001)
მოხსნები შეტევაში: 18 - ზაზა ფაჩულია (2015)
მოხსნები დაცვაში: 16 - ზაზა ფაჩულია (2015)
3-ქულიანები: 3 - ორჯერ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ერთხელ გოგა ბითაძე

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები