Thumbnail

0:5. სწორად კითხულობთ: ნულით ხუთი!

მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის თასის 1/16 ფინალში დაუჯერებლად გამანადგურებელი მარცხი იწვნია - რეკორდმაისტერისთვის ეს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხია.

მიუნხენური გრანდი გერმანული საკლუბო ფეხბურთის სახეა, აბსოლუტური დომინანტი, მაგრამ ხანდახან აგებს ხოლმე (სხვათა შორის, გლადბახთან ყოველთვის უჭირს), მაგრამ ასეთი ანგარიშით? მოკლედ, მიონხენგლადბახელებმა მიუნხენელებს ისტორიული ფიასკო აგემეს.

“ხანდახან ადამიანი სწორედ ასეთ რაღაცებზე ოცნებობს, მაგრამ არასდროს სჯერა, რომ ასეთი ოცნება აუსრულდება. ჩვენმა გუნდმა დღეს ისტორიული თამაში ჩაატარა, რომელიც არავის არასდროს დაავიწყდება. ეს დღე და ეს მატჩი მიონხენგლადბახის ბორუსიას ისტორიაში შევა.” - ასეთებს ამბობდა ბაიერნის განადგურების შემდეგ გლადბახის მენეჯერი მაქს ებერლი.

...და რა თქვეს მიუნხენელებმა? უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდეგ ჟურნალისტებთან რეკორდმაისტერის არცერთი ფეხბურთელი არ მისულა. მხოლოდ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისურვა კომენტარის გაკეთება და ARD-ს მიკროფონში ასეთი რამ თქვა: “აქ არ ვყოფილვართ, სადღაც სხვაგან ვიყავით. პირველ ტაიმში ერთი ორთაბრძოლაც არ მოგვიგია. ეს კოლექტიური Blackout იყო.”

ბაიერნი 21 წუთის შემდეგ უკვე 0:3-ს აგებდა. ესეც ისტორიული კრახია: მანამდე, გერმანიის თასზე გამართულ 265 მატჩში რეკორდმაისტერი ასე მოკლე დროში ასეთი ანგარიშით არასდროს ჩამორჩენილა. ყველა ტურნირზე კი ბოლოს მიუნხენურ გრანდს ასეთი რამ 27 წლის წინათ, 1994 წელს დაემართა, როცა ფრაიბურგში საწყის 18 წუთში 3 გოლი გაუშვა და ის თამაში ბოლოს 1:5 დათმო.

რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისტორიულ მარცხ თვალი თავისი სახლიდან მიადევნა - როგორც იცით, 34 წლის სპეციალისტს კორონავირუსი აქვს და მას ამ დღეებში ასისტენტი დინო ტოპმიოლერი ცვლის. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის შვილის ხელმძღვანელობით ბაიერნმა წინა ორი თამაში ერთნაირი ანგარიშებით, 4:0 მოიგო, ახლა კი 0:5 გლადბახთან…

არსებობის ისტორიაში ბაიერნს ამაზე დიდი სხვაობით მხოლოდ 4 თამაში აქვს წაგებული!

ბაიერნის ყველაზე დიდი წაგებები

ბუნდესლიგაში
1976/77 შალკესთან 0:7
1978/79 დიუსელდორფთან 1:7
1975/76 აინტრახტთან 0:6
1974/75 ოფენბახთან 0:6
1976/77 ზაარბრიუკენთან 1:6
1965/66 კიოლნთან 1:6

გერმანიის თასზე
2021/22 გლადბახთან 0:5
1971/72 კიოლნთან 1:5

კომენტარები

ბოლო ამბები