Thumbnail

დინამო ბათუმმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა, გათამაშების ნახევარფინალში გავიდა და ორი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მეკარე ლაზარე კუპატაძემ ლოკოსთან მატჩი შეაფასეს. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გუნდმა რთული მეტოქის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
"მომდევნო ეტაპზე გავედით - დღეს ეს ამოცანა გვქონდა გადასაწყვეტი და გადავწყვიტეთ, რაც კარგია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია. თამაშია, ფეხბურთია და არის მომენტები, როდესაც მეტოქე გაჯობებს, ან პირიქით. მომენტები ჩვენც გვქონდა და მათაც. ჩვენ უფრო მეტი გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ. ეს მარტივი მოგება ნამდვილად არ იყო. ფეხბურთელებს ძალისხმევას და მონდომებას ნუ დავუკარგავთ. ლოკომოტივს საკმაოდ მაღლა ვეთამაშეთ და ეს იყო გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი."

ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმის მეკარე)
"რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. შეხვედრა თავიდან კარგად დავიწყეთ, ანგარიშიც მიგვყავდა, თუმცა ერთ მომენტში შეცდომა დავუშვით და შემთხვევითი გოლი გაგვიტანეს. ვფიქრობთ, რომ ორივე ტაიმში ვდომინირებდით და სასურველ შედეგამდე მივიყვანეთ თამაში. სამტრედიასთან მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ხასიათი გამოვიკეთეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ წელს როგორც ჩემპიონატი, ასევე თასიც მოვიგოთ და ორივე ტიტულს დავეუფლოთ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალში დინამო ბათუმის გარდა, თბილისის საბურთალო, წყალტუბოს სამგურალი და ქობულეთის შუქურა ითამაშებენ, გუნდები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები