Thumbnail

ალ სადი ჩავის არ თმობს - ბარსელონამ კატარში წარმომადგენლები გაგზავნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ალ სადი თავის მწვრთნელის კატალონიაში გაშვებას მარტივად არ თანხმდება
  • კატარელები მილიონს და მოსალაპარაკებლად ლაპორტას ჩასვლას ითხოვენ 

ჩავი ერნანდესის კატალონიაში დაბრუნების თაობაზე ბარსელონასა და ალ სადს შორის მოლაპარაკებას თან სირთულეები ახლავს. როგორც ირკვევა, კატარული კლუბი თავისი მთავარი მწვრთნელის დათმობას მარტივად არ აპირებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ალ სადის მფლობელებს ჩავის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურთ, რომელიც მილიონ ევროს შეადგენს. ამას გარდა, კატარელები ითხოვდნენ, რომ წინადადებით მათთვის პირადად ბარსელონას პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას მიემართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დოჰაში გამგზავრება არ ისურვა და იქ მოლაპარაკებაზე წერტილის დასასმელად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გაუშვა. როგორც ჩანს, ამან ალ სადში უკმაყოფილება გამოიწვია. 

კუმანის წასვლის შემდეგ, ბარსას მთავარი მწვრთნელის სკამი თავისუფალია

ცნობილია, რომ ჩავის ალ სადთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს. არსებული ინფორმაციით, ესპანელს კატარის კლუბთან აქვს შეთანხმება, რომლის თანახმად, მას წასვლა უპრობლემოდ შეუძლია, თუკი წინადადებას ტოპკლუბისგან მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა რონალდ კუმანმა დატოვა, გუნდი კი დროებით სერხი ბარხუანმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე ბარსელონა B-ში მუშაობდა.

ჩავიმ კატარელებთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა

ჩავი ერნანდსმა 1998-2015 წლებში კატალონიური გრანდის მაისურით 767-ჯერ ითამაშა და 85 გოლი გაიტანა, კლუბის ოქროს პერიოდში მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს, ალ სადში დაიწყო და კატარში უკვე მოახერხა 7 ტიტულის მოგება.

კომენტარები

ბოლო ამბები