Thumbnail

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ნატურალიზებული მოთამაშის გარეშე ხვდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინა სწორედ იმ შესარჩევ ჯგუფშია, რომელშიც საქართველო და თვის ბოლოს პირველ მატჩს თბილისში ჩაატარებს. აი, რა თქვა ბაგატსკისმა.

“ამ თემაზე საუბარი მიჭირს, უბრალოდ, ძალიან ვღელავ. შეიძლება, გარედან ისე სჩანს, რომ წინა საკვალიფიკაციო ტურნირები იოლად გადავლახეთ, თუმცა, დამერწმუნეთ, ჩვენს გუნდში უფრო ახალგაზრდა არავინ გამხდარა. ნაკრების კალათბურთელებს აქტიურად ვაკვირდები. ძირითადი გამთამაშებლები კლუბებში ლიმიტირებულად თამაშობენ და შემდეგი იმედი აქვთ, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი დრო ექნებათ. ეს სიტუაცია მისახედია. უბრალოდ, ვიღაცისთვის პასპორტის მიცემა არ გვინდა. თუკი ვინმეს უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს, მან ნაკრებს შესამჩნევი სარგებელი უნდა მოუტანოს. ვერ ვიტყვი, რომ მაიკ კეფი ერთადერთი კანდიდატია. ამაზე ისევ ვმუშაობთ და კარგია, რომ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა. იგივე ქართველებს ამერიკელებისთვის 18 პასპორტი აქვთ, თუმცა, ამაში ცუდი არაფერია”.

სხვათა შორის, ეს, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბაგატსკისი საქართველოს ნაკრების მიერ ამერიკელი კალათბურთელების ნატურალიზაციის პროცესს ირონიულად მოიხსენიებს. “ჯერჯერობით გაუგებარია, ქართველები თავიანთი 30 ნატურალიზებული უცხოელიდან ნაკრებში რომელს მიიწვევენ” – თქვა ლატვიელმა სპეციალისტმა მას მერე, რაც გაირკვა, რომ მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში, უკრაინელების ერთ-ერთი მეტოქე საქართველო იქნებოდა.

ახლა, ბაგატსკისმა საქართველოს ნაკრების მიერ ნატურალიზებული კალათბურთელების გამოგონილი რიცხვი 18-მდე დაიყვანა, თუმცა, როგორც სჩანს, ამერიკელის საჭიროებაში თავადაც დარწმუნდა. რაც შეეხება ლატვიელი მწვრთნელის მიერ ხსენებული მაიკ კეფის, ის გასულ სეზონში ზაპოროჟიეს გუნდის წევრი იყო და ლამის ყველა შესაძლო ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა.

უკრაინის პასპორტის მიღების ყველაზე დიდი შანსი მაიკ კეფის აქვს

28 წლის უკანახაზელმა ზაპოროჟიე სენსაციურად გაიყვანა უკრაინის ჩემპიონატის ფინალში და რეგულარული სეზონისა და ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულის (MVP) მფლობელიც გახდა. გასულ სეზონში კეფის საშუალო მაჩვენებლები 33.5 წუთი, 17.2 ქულა, 4.2 მოხსნა, 7.5 პასი და 1.9 ჩაჭრა იყო. მიმდინარე სეზონში ის სწორედ იმ კიევ-ბასკეტში გადბარგდა, რომელსაც ასევე აინარს ბაგატსკისი წვრთნის.

სავარაუდოა, რომ უკრაინელები მისი ან სხვა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის დამატებას უკვე მე-2 საკვალიფიკაციო ფანჯრისთვის ეცდებიან, რომელიც გაისად თებერვალშია დაგეგმილი, ნოემბრის თამაშებზე უკრაინა კი მის გარეშე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის მიერ დარიგებული საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში G ჯგუფში მოხვდა, სადაც უკრაინელთა გარდა, მეტოქეებად ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც ეყოლება.

ქართველი კალათბურთელები შესარჩევ ციკლს 26 ნოემბერს, თბილისში, სწორედ უკრაინასთან მატჩით გახსნიან, 29-ში კი სტუმრად ესპანეთს ეთამაშებიან. თავის მხრივ, უკრაინელები საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ კიევში დაბრუნდებიან და ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები