Thumbnail

შაბათს ქართველმა ლეგიონერებმა რამდენიმე ჩემპიონატში გამოიჩინეს თავი. 20 წლის გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ლვოვის რუხის კარში. 57-ე წუთზე გიორგიმ ამ გოლით ოდესელები 3:0 დააწინაურა, თუმცა რუხმა გათანაბრება შეძლო და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო ჩერნომორეცმა გამარჯვების მოპოვება - 4:3. ბექა ვაჩიბერაძე 73-ე წუთზე გამოცვალეს. 

ამ სეზონში წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერ ლიგაში მე-10 მატჩში პირველი გოლი გაიტანა. ეს 20 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის პირველი გოლია ჩერნომორეცის მაისურით, სადაც ის დინამო კიევიდან იჯარის წესით თამაშობს. სხვათა შორის, გიორგიმ უკრაინის პრემიერ ლიგაში სულ მეორე გოლი გაიტანა და, როგორც პირველი, ისე მეორე - რუხის კარში. ჩერნომორეცი 11 ქულით მე-12 პოზიციაზეა. 


აზერბაიჯანში დავით ვოლკოვის ზირე სტუმრად ბაქოს საბაჰს დაუზავდა - 3:3. ქართველმა ფორვარდმა ჰეთ თრიკი შეასრულა, 26 წლის ლეგიონერის ანგარიშზე ამ სეზონში 8 გოლია, ზუსტად იმდენი, რაც შარშანდელ სეზონში მთლიანად (ახლა 10 მატჩში, მაშინ 24-ში). ვოლკოვმა მე-5 წუთზე გაათანაბრა, როცა თავით გაიტანა მეტოქის კარში. მან თავი მე-60 და 81-ე წუთებზეც გამოიჩინა, როცა მეტოქე უკვე 10 კაცით თამაშობდა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ზირე 16 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მერაბ გიგაურის (90 წუთი) კეშლიამ 3:2 მოუგო ნეფთჩის. 


დუბლი შეასრულა ლევადიას ქართველმა ლეგიონერმა ზაქარია ბეგლარიშვილმა - მისი გუნდი შინ ლეგიონს 2:2 დაუზავდა. ლევადია 0:2-ს აგებდა, როცა ზაქარიამ 55-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ანგარიში მანვე გახსნა, 22-ე წუთზე. ვეტერანი შემტევი 73-ე წუთზე შეცვალეს. ლევადია 71 ქულით პირველ ადგილზეა, ზაქარია კი ბომბარდირთა დავაში 22 გოლით მე-2 ადგილზეა, მის ანგარიშზეა აგრეთვე 17 საგოლე პასია. რაც უნდა სუსტი იყოს ესტონეთის პირველობა 27 მატჩში 22 გოლი და 17 ასისტი სუპერშედეგია.


სეზონის მთავარი მატჩი დათმო ვაკო ყაზაიშვილის ულსანმა, რომელიც ჯეონბუკთან 2:3 დამარცხდა. ვაკო 67-ე წუთზე გამოცვალეს. ულსანი მე-2 ადგილზეა და ჯეონბუკს 3 ქულით ჩამორჩება. 

რუსეთის პირველ დივიზიონში ირაკლი კვეკვესკირის სკა ხაბაროვსკმა 3:1 მოუგო ილია ბერიაშვილისა და ბექა ქავთარაძის როტორს. არცერთ მათგანს არ უთამაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს 25 წლის გიორგი გაგნიძის დუბლი მასპინძელთა რიგებში, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის პრემიერ-ლიგაში ზურიკო დავითაშვილის არსენალი ტულაში ჯიმი ტაბიძის უფას დაუზავდა - 0:0. ტაბიძე ტრავმირებულია, დავითაშვილი კი არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, რაც მოულოდნელია. იგი 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

კვიპროსში ქართველთა აპოელ-მა აელ-ს დიდი ანგარიშით, 3:0 მოიგო. გიორგი ქვილითაიამ ჯერ პენალტით გახსნა ანგარიში 38-ე წუთზე, შემდეგ 72-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლიც მან გაიტანა. თორნიკე ოქრიაშვილიც სასტარტოში იყო, ის 74-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია. აპოელ-ი 13 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა. ქვილითაიას ჩემპიონატში 3 გოლი აქვს გატანილი. 

ყაზახეთის თასის ნახევარფინალში ელგუჯა ლობჯანიძის ტობოლი, რომელიც ახლახან ჩემპიონი გახდა, სტუმრად შახტიორთან 2:5 დამარცხდა, ლობჯანიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა, წინ საპასუხო მატჩია. 

უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძის უიპეშტი პუშკაშ აკადემიას ესტუმრა. ქართველი შემტევი სასტარტოში იყო. უიპეშტი 1:2 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა 97-ე წუთზე პენალტით გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები