Thumbnail

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც, თავის მხრივ, ბათუმში ძალიან მოტივირებული ჩამოდის, რადგან მუნდიალზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

სკანდინავიელთა რიგებში მარტის შემდეგ დაბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ პირველ მატჩშიც ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მილანის 40 წლის ლეგენდარული ფორვარდი ახლა კარგ ფორმაშია და ბათუმში გუნდთან ერთად მოდის. შვედეთში აქტუალურია, შეძლებს თუ არა ზლატანი საქართველოსთან და ესპანეთთან ორივე შეხვედრაში თამაშს და იბრასთანაც საუბარი ამ საკითხით დაიწყო.

"აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. თუ მწვრთნელს სურს, რომ ორივე მატჩში ვითამაშო, ორივეს ვითამაშებ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს იანეს. მე საჭიროების შემთხვევაში თამაში შემიძლია. თუმცა, ვაღიარებ, რომ სათამაშო დროის კუთხით ბალანსი უნდა მქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმებს ხშირად ვიღებ. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უფრო და უფრო უკეთ ვიცნობ. ჩემი სხეული ბერდება, მაგრამ ჩემი გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად ვარ. ცოტა უიღბლო პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად მზად ვარ და მიხარია, რომ თამაში შემიძლია. ასეთ მატჩებში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, სასწორზე ბევრი რამ არის. გუნდმა აქამდე შესანიშნავი საქმე გააკეთა, ახლა კი მხოლოდ ბოლო ნაწილია დარჩენილი და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ", - თქვა იბრამ, რომელსაც ევრო 2020-ზეც თამაში სურდა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ მოახერხა.

ზლატანმა და დეიან კულუშევსკიმ (უკანა ფონზე) პრესკონფერენცია გამართეს

"ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ძნელი იყო. ეს გახლდათ ერთ-ერთი რამ, რასაც მოუთმენლად ველოდებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. საკუთარ თავთან მართალი ვიყავი, არ ვიყავი 100%-ით მზად. პატარა ოპერაცია გავიკეთე და იმაზე მეტი დრო დამჭირდა აღსადგენად, ვიდრე თავიდან მეგონა", - თქვა 40 წლის შვედმა.

იბრამ ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერ საერთოდ არ ფიქრობს: "კარიერის დასასრულებად კონკრეტული დრო არ მაქვს დათქმული. მინდა იქამდე ვითამაშო, სანამ შემიძლია. არ მინდა შემდეგ ვინანო და ჩემს თავს ვკითხო: რატომ დავასრულე? შემეძლო ისევ მეთამაშა", - განაცხადა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთთან მატჩით დასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს სპარინგში გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები