Thumbnail

გაირკვა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს განსჯიან. 

ბათუმში დაგეგმილ შეხვედრას ნიდერლანდელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 36 წლის სერდარ გიოზიუბიუიუკი გახლავთ, რომელიც ძალზე გამოცდილი მსაჯია და წლების განმავლობაში სტაბილურად მუშაობს, როგორც ერედივიზიონში, ისე ევროთასებისა და სანაკრებო მატჩებზე.

ბოლოს მან ერედივიზონში ვოლენდამი-ემენის მატჩი განსაჯა, ხოლო 1 კვირის წინ ჩემპიონთა ლიგაზე, ვილიარეალისა და იანგ ბოისის დაპირისპირებას მოემსახურა. ნიდერლანდელმა ბოლო 10 შეხვედრაში ფეხბურთელებს 45 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.

გიოზიუბიუიუკს იოოსტ ვან ზუილენი და იოჰან ბალდერი დაეხმარებიან, ვიდეორეფერის ოთახში იოეხემ კამპუისი და სანდერ ვან დერ ეიკი იმუშავებენ, ხოლო მე-4 მსაჯის ფუნქციას იეროენ მანსხოტი შეასრულებს.

სერდარ გიოზიუბიუიუკი 2019 წელს ირლანდია-საქართველოს მატჩის მსაჯი იყო

საინტერესოა, რომ 36 წლის ნიდერლანდელი საქართველოს ნაკრების მატჩს კარიერაში მეორედ იმსაჯებს. პირველად ეს 2019 წლის 26 მარტს მოხდა, როცა დუბლინში ირლანდიის ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის გუნდს 1:0 მოუგო. მაშინ მან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გააფრთხილა. გარდა ამისა, 2012 წლის 27 მაისს, გიოზიუბიუიუკმა საქართველოსა და ხორვატიის 19-წლამდე ნაკრებთა შეხვედრაც იმსაჯა, რომელიც 1:3 წავაგეთ. მაშინ, საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს სწორედ შვედეთთან მატჩით დაასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს გაეჯიბრება. ამ თამაშს ამხანაგურის სტატუსი  აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები