Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი სენსაციური, მაგრამ დამსახურებული გამარჯვებით დაასრულა - ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის ლიდერი შვედეთი ბათუმში 2:0 დაამარცხა!

სანიოლმა გუნდი იმ ტაქტიკით (3-4-2-1) გამოიყვანა სათამაშოდ, რომელმაც შედეგი კოსოვოსთან გასვლით მატჩში მოუტანა. დისკვალიფიცირებული გიორბელიძე მარცხენა ფლანგზე აზაროვმა შეცვლა, დაცვის ცენტრში დისკვალიფიცირებული დვალის ნაცვლად ხოჭოლავამ ითამაშა. სანიოლი ცენტრში კვლავ გვილია-კვეკვესკირის დუეტს დაეყრდნო და ნაკრების კაპიტანი კანკავა სასტარტოში ვერ მოხვდა. დისკვალიფიცირებული იყო თავად სანიოლიც, რომელიც სათადარიგოთა სკამზე არ იჯდა. ფრანგს მისი პირველი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი ცვლიდა.

შვედებმა შეტევაში ისაკიც დააყენეს და იბრაჰიმოვიჩიც. არადა, შვედურ მედიაში ბევრს წერდნენ, რომ ზლატანს მწვრთნელი ესპანეთთან მატჩისთვის "შეინახავდა". დაცვის ცენტრში ითამაშა ლინდელიოფმაც, რომლის დასვენებასაც ასევე ვარაუდობდნენ. 

პირველი სახიფათო მომენტი მცველების შეცდომით შეიქმნა, როცა მე-14 წუთზე ფორსბერგის დარტყმული ლორიამ მოიგერია, კლაესენის დამატებული კი - ხოჭოლავამ. 28-ე წუთზე შვედების კუთხურის შემდეგ იბრაჰიმოვიჩს და ლინდელიოფს შეეძლოთ გატანა, თუმცა ჯერ ლორიამ შემოგვთავაზა "სეივი", შემდეგ გვილიამ დაბლოკა მეტოქის დარტყმული. 31-ე წუთზე ნაკრები ისევ ლორიამ იხსნა, როცა ისაკს ახლო მანძილიდან აუღო, ამ ეპიზოდში, ისაკი, თითქოს, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი

39-ე წუთზე საბა ლობჟანიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. ტაიმი 0:0 მორჩა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა ტაიმში შვედების უპირატესობა თვალშისაცემი იყო, საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე გადაურჩა აშკარა გოლს. ქართველებმა კარისკენ 2-ჯერ დაარტყეს, შვედებმა 11-ჯერ, აქედან 6 ლორიას კარში წავიდა. შვედები დომინირებდნენ "მეორე სართულზეც" (5-11) და ბურთის ფლობაშიც (42-58%).

57-ე წუთზე ზლატანმა მკერდით დაუგდო კლაესენს, რომელმაც ახლო მანძილიდან აკრობატულ ნახტომში დარტყმული ოდნავ ააცილა ლორიას კარს. 

გიორგი ლორიამ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

მერე იყო საქართველოს ნაკრების გოლები! 61-ე წუთზე კვარაცხელიას მოპოვებული საჯარიმოს შემდეგ თავად ხვიჩამ გაიტანა გოლი - მას მერე, რაც მეკარემ აზაროვის დარტყმული მოიგერია (1:0). 76-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია, მალევე გატანა კაშიას შეეძლო, ოლსონმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, ხოლო 77-ე წუთზე ხვიჩამ შვედების ცენტრი გაჭრა და მეკარესთან პირისპირ ცაციით გაიტანა - 2:0. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ხვიჩა კვარაცხელიამ შესარჩევ ჯგუფში მესამე გოლი გაიტანა. ჯგუფში მან მხოლოდ კოსოვოს ვერ გაუტანა.

⚽ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ მეორედ მოახერხა პირველ ტაიმში გოლის არ გაშვება. 

⚽ ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა.

⚽ ხვიჩა კვარაცხელიას უკვე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე შოთა არველაძეს - 4 სამის წინააღმდეგ. 

⚽ შვედეთის ნაკრებმა ბოლო 8 საგარეო მატჩიდან 6 წააგო (1 მოგება, 1 ფრე)

⚽ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი მატჩი მუნდიალზე სულ მესამედ მოიგო და პირველად 2001 წლის მერე. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-4 ადგილი გაინაღდა.

საქართველო 2:0 შვედეთი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77)

საქართველო (3-4-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა - ლობჟანიძე (81. ჩაბრაძე), გვილია, კვეკვესკირი (90. აბურჯანია), აზაროვი - წიტაიშვილი (70. დავითაშვილი), კვარაცხელია (80. ყაზაიშვილი) - ოქრიაშვილი (70. ვოლკოვი).

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი - კლაესონი (74. კულუშევსკი), სვანბერგი (78. ქვაისონი), ოლსონი, ფორსბერგი - იბრაჰიმოვიჩი, ისაკი (87, კარლსონი). 

კომენტარები

ბოლო ამბები