Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შვედეთის ნაკრებთან სენსაციური, მაგრამ დამსახურებული გამარჯვებით დაასრულა. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა. გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ნიკა კვეკვესკირის კომენტარები მატჩის შემდეგ.

გურამ კაშია: "ამ მატჩმა აჩვენა, თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ რიგში მსურს, მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ - სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ. გახარებული ვარ, რომ მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს, წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს".

'ფანებს მივმართავ: ძალიან მაგრები ხართ, გვასიამოვნეთ!' - თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი: "ძალიან გახარებულები ვართ. მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს, ბათუმს, სადაც ძალიან მაგარი მხარდაჭერა იყო. ფანებს მივმართავ: ძალიან მაგრები ხართ, ვისიამოვნეთ. არცერთი წამი გაჩერებულან! ამიტომ, პირველ რიგში მათ დიდი მადლობა. დიდხანს ველოდით შინ გამარჯვებას, თანაც შვედეთს მოვუგეთ. არ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა, დამსახურებულად მოვიგეთ. ვულოცავ ხვიჩა კვარაცხელიას, მან დაიმსახურა ორი გოლი და მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა".

ნიკა კვეკვესკირი: "ბევრი პოზიტივის დანახვა შეიძლება. პირველ რიგში, გუნდი თამაშობს იმ ფეხბურთს, რაც თამაშის წინ იგეგმება. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ეს შემტევი და სანახაობრივი, მაგრამ რაც მთავარია, შედეგი მოაქვს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, პოზიტიურ ნოტაზე დასრულება ყოველთვის სასიამოვნოა. ბათუმთან და მთელ საქართველოსთან ერთად ძალიან ბედნიერები ვართ".

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 8 თამაში ჩაატარა (შვედეთთან 0:1, 2:0) ესპანეთთან (1:2, 0:4), საბერძნეთთან (1:1, 0:2), კოსოვოსთან (0:1, 2:1) და 7 ქულით მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წელს ამხანაგური მატჩით დაასრულებს, რომელსაც 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები