Thumbnail

'საქართველო ის ნაკრებია, რომელიც არასდროს ნებდება' - ფრანგებმა მატჩი შეაფასეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საფრანგეთის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ და მოთამაშეებმა საქართველოსთან ტესტ-მატჩი შეაფასეს. “სამფეროვნები” ბორდოში მოგებული (41:15) შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ მეტოქემ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

ფაბიენ გალტიე: “მძიმე მატჩს ველოდით და ასეც გამოვიდა. მორაგბეები თავის გამოსაჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა, თამაშის სტრუქტურა რამდენჯერმე დაირღვა, რის გამოც სასურველი ტემპის მთელი მატჩის განმავლობაში შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. რიგ ეპიზოდებში პრობლემები საქართველომაც შეგვიქმნა და ეს თვალნათლივ სჩანდა. საერთო ჯამში, როტაციის განხორციელება მოვახერხეთ და ახალბედების თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ახლა, ზელანდიასთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ”.

ანტუან დიუპონი

ანტუან დიუპონი: “შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, რადგანაც 41 ქულის აღება მოვახერხეთ. ეს იდეალური თამაში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ცუდსაც ვერაფერს ვიტყვი. ადრეული ლელოს დადება ვერ მოვახერხეთ, თუმცა, მაინც მშვიდად ვიყავით, რადგანაც ყველაფერი გეგმისამებრ მიდიოდა. საბოლოო ჯამში, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და ანგარიშიდან გამომდინარე ვმოქმედებდით”.

მატიო ჟალიბერი: “ბორდოში თამაში ნამდვილად სასიამოვნო იყო. ჩვენ კმაყოფილები დავრჩით და იმედია, ქომაგმაც სტადიონი გახარებულმა დატოვა. საერთო ჯამში, ნაყოფიერი მატჩი იყო, თუმცა, ისიც გამოჩნდა, რომ გარკვეულ კომპონენტებზე სამუშაო გვაქვს. წინ გრძელი გზა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, პროგრესი გვექნება”.

დენბა ბონბა: “ვიცოდით, რომ მძიმე თამაში გველოდა და უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა ნამდვილი ბრძოლა გაგვიმართა. მათი მორაგბეების დიდი ნაწილი საფრანგეთში თამაშობს და ვიცოდით, რომ იოლად არაფერს დაგვითმობდნენ, მითუმეტეს, შერკინებაში. გვინდოდა, რაც შეიძლებოდა მეტი ქულა აგვეღო და ამით თავდაჯერებულობა გვეგრძნო. გავაგრძელებთ შრომას, რათა მომდევნო შეხვედრაში უკეთესები ვიყოთ”.

დენბა ბონბა

გაელ ფიკუ: ”პოზიტიური შედეგია. ჩვენს წინააღმდეგ კარგი ოპონენტი იდგა, რომელსაც ბრძოლის გამართვის დიდი სურვილი ჰქონდა. დიახ, ყველაფერი არ გამოგვივიდა, თუმცა, 6 ლელო მაინც დავდეთ. თუკი საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ შედეგებს გადავხედავთ, ნათელი იყო, რომ მოგება იოლი არ იქნებოდა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ითამაშეს მათ შემოდგომის ერთა თასის ბოლო გათამაშებაში, განსაკუთრებით, ირლანდიასთან. ეს ის ნაკრებია, რომელიც არასდროს ნებდება. ნამდვილად მძიმე შეხვედრა იყო, რომელიც ბოლომდე თავდადებას მოითხოვდა. კარგი იქნებოდა, ნაკლები ქულა მიგვეღო, თუმცა, დადებითი მომენტები მაინც გაცილებით მეტი იყო”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” საფრანგეთში 18 ნოემბრამდე დარჩებიან, შემდეგ კი გეზს ესპანეთისკენ აიღებენ, სადაც შემოდგომის სერიის ეგიდითვე ფიჯისთან ტესტი ელით. ამავე დღეს საფრანგეთი ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები