Thumbnail

ვან გაალი ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ნაკრებს ეტლიდან უხელმძღვანელებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა ძველი ტრავმა გაიმიზეზა
  • მის გუნდს ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში ელის

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სანაკრებო შეკრებისას დაშავდა. 70 წლის სპეციალისტი პარკინგზე ველოსიპედს აყენებდა, როდესაც დაეცა და ტრავმა მიიღო. შედეგად, მან ბოლო ვარჯიში გოლფის მანქანაში მყოფმა ჩაატარა.

ვან გაალს დროებით ნაკრებთან განშორება ურჩიეს, თუმცა, მან უარი განაცხადა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით მატჩში (ნორვეგიასთან) “ნარინჯისფრებს” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი ეტლიდან უხელმძღვანელებს.

ლუის ვან გაალი ნიდერლანდებს ეტლიდან უხელმძღვანელებს

ცნობისთვის, ლუისს 6 წლის წინ ბარძაყზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ახლა, სწორედ ნატკენი ადგილი დაიშავა. მან საღამო საავადმყოფოში გაატარა, თუმცა, ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას ხელმეორე ოპერაცია არ სჭირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო G ჯგუფში ბოლო ტურის წინ ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი. ნიდერლანდები 21 ქულით ლოდეროს, თურქეთსა და ნორვეგიას კი 18-18 ქულა აქვთ. 16 ნოემბერს ვან გაალის ნაკრები ნორვეგიას როტერდამში უმასპინძლებს, თურქეთი კი პოდგორიცაში მონტენეგროს ეთამაშება. ჯგუფის გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში გადაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები