Thumbnail

მსოფლიო რაგბის რეიტინგში ლიდერი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში მეოთხედ შეიცვალა. პირველობა დაიბრუნდა მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, რომელმაც ახალი ზელანდიის წარუმატებლობით ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე “ქურციკებმა” ედინბურგში შოტლანდიას 30:15 სძლიეს, ახალი ზელანდია კი დუბლინში ირლანდიას სტუმრობდა და ანგარიშის გარდა, თამაშშიც აშკარად დაიჩაგრა – 20:29.

მოწინავე სამეულს გამოაკლდა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა ავსტრალიამ, რომელსაც ძალიან წარუმატებელი ევროპული ტურნე აქვს. “ვოლაბები” პირველ შეხვედრაში შოტლანდიაში დამარცხდნენ (13:15), ამჯერად კი, ლონდონურ თვიქნემს სტუმრობდნენ და ინგლისთან 15:32 წააგეს. ავსტრალიის უკან მოტოვება სწორედ ინგლისმა და ირლანდიამ მოახერხეს, რომელთაც წინ თითო პოზიციით წაიწიეს.

'ბორჯღალოსნებს' საფრანგეთში მარცხმა რეიტინგში ვერაფერი დააკლო

საფრანგეთში განცდილი მარცხის მიუხედავად უცვლელი დარჩა საქართველოს ნაკრების პოზიცია. “ბორჯღალოსნებს” ისევ 73.73 აქვთ და მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ქართველი მორაგბეების წინ ფიჯია (76.61), რომელმაც უელსში მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 23:38 დამარცხდა.

მომავალ შაბათს, 20 ნოემბერს, საქართველო და ფიჯი ერთმანეთს ესპანურ არანხუესში გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” კუნძულელებთან ჩამორჩენას საგრძნობლად შეამცირებენ. თუკი საქართველომ 15 და ნაკლები ქულით იმარჯვა, მეტოქესთან მხოლოდ 0.3-ქულიანი სხვაობა შერჩება, მეტით მოგების შემთხვევაში კი, “ბორჯღალოსნები” ფიჯის საერთოდაც გადაასწრებენ. სათქმელია ისიც, რომ ნებისმიერი ანგარიშით წაგება საქართველოს 1 ადგილით დააქვეითებს და სამოას უკან აღმოჩნდება.

მომავალი უქმეების თავზე მსოფლიო რაგბის რეიტინგში სხვა ცვლილებებსაც მრავლად უნდა ველოდეთ, რადგანაც არაერთი საინტერესო ტესტ-მატჩია დაგეგმილი. მათ შორის: შოტლანდია-იაპონია, იტალია-ურუგვაი, ინგლისი-სამხრეთ აფრიკა, რუმინეთი-ტონგა, უელსი-ავსტრალია, საფრანგეთი-ახალი ზელანდია, ირლანდია-არგენტინა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი

1. სამხრეთ აფრიკა – 91.83 ქულა, 2. ახალი ზელანდია – 90.02, 3. ინგლისი – 86.61, 4. ირლანდია – 86.30, 5. ავსტრალია – 85.09, 6. საფრანგეთი – 84.25, 7. შოტლანდია – 82.78, 8. არგენტინა – 80.81, 9. უელსი – 80.39, 10. იაპონია – 78.54, 11. ფიჯი – 76.61, 12. საქართველო – 73.73, 13. სამოა – 73.59, 14. იტალია – 70.15, 15. ტონგა – 68.57, 16. რუმინეთი – 67.06, 17. ურუგვაი – 66.76, 18. აშშ – 66.54, 19. პორტუგალია – 65.84, 20. ესპანეთი – 65.42.

კომენტარები

ბოლო ამბები