Thumbnail

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა!

რამაზ სვანაძის გუნდმა ბათუმში გამართულ ტესტ-მატჩში ინგლისის U21 ნაკრები 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 1 ფრე. მატჩის შემდეგ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და ინგლისთან თამაში შეაფასა. გარდა მწვრთნელისა, შეხვედრაზე გიორგი გულიაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმაც ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე (საქართველოს U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი): გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა.

გიორგი გულიაშვილი: პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი.

როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა.

გიორგი მამარდაშვილი: კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.

შეგახსენებთ, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული (U21) ჩემპიონატის მასპინძელია და საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ასპარეზობს, რადგან გუნდი ტურნირში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს. 

U21. საქართველო 3:2 ინგლისი

გოლები: 1:0, 2:0 გულიაშვილი (24’, 47’), 3:0 გოჩოლეიშვილი (65'), 3:1 გრინვუდი (81'), 3:2 გეი (90+4).

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი - სანდრო კალანდაძე, ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანი (88' გიორგი ჯინჯოლავა), ლევან ხარაბაძე -  ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი (81' ცოტნე კაპანაძე), ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი (71' ნ. გაგნიძე) - გიორგი გულიაშვილი (88' ბექა დარცმელია), გიორგი გაგუა.

ინგლისი: ეტიენ გრინი - ლუკ თომასი (77' მარკ გეი), რაიან ბრიუსტერი, ფოლარინ ბალოგანი (36’ სემ გრინვუდი), ენჯელ გომესი (66' ენტონი გორდონი) - თომას დოილი, ჩარლი ქრესუელი, კლინტონ მოლა, ჯეიმს გარნერი (77' ოლივერ სკიპი) - მორგან გიბს-ვაითი, კოდი დრამე (77' მაქს არონსი).

კომენტარები

ბოლო ამბები