Thumbnail

სულ ცოტა 2025 წლამდე - მანუელ ნოიერი ბაიერნთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

  • 35 წლის გოლკიპერი მიუნხენში თავს კომფორტულად გრძნობს
  • კლუბსა და მეკარეს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს

მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერს ხელშეკრულების გახანაგრძლივება სურს და კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს. გერმანული მედიის ინფორმაციით, არსებობს მოლოდინი, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს ხანში შეძლებენ, ახალი კონტრაქტი კი წლის ბოლომდე გაფორმდება. 

35 წლის გოლკიპერი მიუნხენის კლუბში, რომლის კაპიტანიცაა, თავს კომფორტულად გრძნობს და შესაბამისად, კონტრაქტის გაგრძელებითაც დაინტერესებულია. მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მანუელს კი სურს ახალი შეთანხმება, სულ ცოტა, 2025 წლამდე გაფორმდეს.

მანუელს რეკორდმაისტერში ყველაფერი აკმაყოფილებს

მანუელ ნოიერი ბაიერნში გელზენკირხენის შალკედან, 2011 წელს გადავიდა და მასთან ერთად 9-ჯერ გერმანიის ჩემპიონი, 2-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მიმდინარე სეზონში გოლკიპერმა ბუნდესლიგის 11 მატჩში ითამაშა, საიდანაც 3-ში კარი "მშრალად" შეინახა. 

გერმანელ მეკარეს ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან იწვევენ და ამჟამად მისი კაპიტანია. მანუელ ნოიერმა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ცოტა ხნის წინ კი 2022 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები