Thumbnail

'ცხადი გახდა, რომ თბილისში ვერ ჩავდიოდით' - რატომ ჩაიშალა საქართველო-ირლანდია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დიდი შანსი იყო, წლეულს თბილისში ირლანდიის მორაგბეთა ნაკრები ჩამოსულიყო და “ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩი ჩაეტარებინა, თუმცა, თამაში ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩაიშალა. ამის შესახებ “სამყურების” ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა ისაუბრა.

“როდესაც ოქტომბერში ლას ვეგასში ვიზიტი და აშშ-ს ნაკრებთან მატჩი ჩაგვეშალა, დღის წესრიგში საქართველოში სტუმრობა დადგა. პრინციპში, ირლანდიის რაგბის კავშირს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა. სამწუხაროდ, ბოლოს არ გაგვიმართლა. გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები წარმოიქმნა. რაღაც მომენტში ცხადი გახდა, რომ საჭირო პერიოდში თბილისში ჩასვლას ვერ მოვახერხებდით. თამაში სწორედ ამის გამო ჩაიშალა”.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრებს ლას ვეგასში 30 ოქტომბერს უნდა ეთამაშა და ამ მატჩის სხვა შეხვედრით ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. სხვა საქმეა, რომ “სამყურებს” ძალიან წარმატებული საშემოდგომო სერია გამოუვიდათ. ფარელის ნაკრებმა იაპონია 60:5 გაანადგურა, ახალ ზელანდიას 29:20 სძლია, დღეს კი, არგენტინასაც დამაჯერებლად აჯობა – 53:7.

სათქმელია ისიც, რომ სამოასთან კოვიდ-რეგულაციების გამო ჩაშლილი მატჩისა და ირლანდიასთან ვერშემდგარი თამაშის გამო, ნოემბერში მხოლოდ 2 ტესტის ამარა დარჩა საქართველოს ნაკრები. “ბორჯღალოსნებმა” ბორდოში საფრანგეთთან 15:41 წააგეს, ფიჯისთან კი ესპანეთის ქალაქ არანხუესში ითამაშეს და საპატიოს ფრეს (15:15) გამორჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები