Thumbnail

პაიეს ბოთლი თავში, მსროლელს სილა სახეში - ლიონი-მარსელი სკანდალურად შეწყდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ლიგა 1-ში ლიონისა და მარსელის შეხვედრა უკვე მე-2 წუთზე ჩაიშალა
  • მასპინძელთა გულშემატკივარმა მარსელის კაპიტანს წყლის ბოთლი მოარტყა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი სკანდალურად შეწყდა - ლიონისა და მარსელის დაპირისპირება 2 წუთის დაწყებული იყო, როცა სტუმართა კაპიტან დიმიტრი პაიეს ტრიბუნიდან წყლის ბოთლი ესროლეს და თავში გაარტყეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მარსელელთა 10-ნომერი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა. მატჩი შეჩერდა, მოედანზე ექიმები შევიდნენ, მათ კლუბების წარმომადგენლები მიყვნენ… შემდეგ კი მინდორი ორივე გუნდმა დატოვა და გასახდელში შევიდა. 

მალე ეკრანებზე გამოჩნდა კადრი, როგორ გააწნეს სილა იმ ფანს, რომელმაც პაიეს ბოთლი ესროლა...

სტადიონზე კი გამოაცხადეს:

“შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის განახლებაზე უარი თქვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლდათ, რომ მოედანზე ფეხბურთელთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. თამაშის გაგრძელებას ვერ შევძლებთ.”

მოგვიანებით, ლიონის ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ, ხურდებოდნენ, თითქოს მატჩი უნდა განახლებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - მარსელმა მოედანზე დაბრუნება არ ინება. საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომისია აღნიშნული შეხვედრის შესახებ 22 ნოემბერს იმსჯელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები