Thumbnail
  • 📅 23 ნოემბერი | 🏟 სტემფორდ ბრიჯი | ⌚ 23:55 | ⚽ ჩელსი V იუვენტუსი
  • ჩელსის პირველი ადგილის დაკავება სურს და ეს თამაში უნდა მოიგოს
  • იუვენტუსის დაცვა სტაბილური გახდა, ალეგრის გუნდი ფორმაში შედის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ინგლისის ჩემპიონატში ჩელსის კარგად აქვს საქმე (პრემიერლიგის ცხრილს სიტისთან 3-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს), აი, ჩემპიონთა ლიგაში კი ლონდონელებს ჯერ კიდევ სერიოზული საქმე აქვთ მოსაგვარებელი. იუვენტუსის ამბავი პირიქითაა - სერია A-ში კრიზისიდან ახლა გამოდის და ჯერ საუკეთესო ხუთეულშიც არაა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში კი უკვე გაინაღდა.

ჯგუფში როლები თავიდანვე ყველასათვის გასაგებად იყო გადანაწილებული და ასეა მე-5 ტურის წინაც: იუვენტუსი და ჩელსი მერვედფინალში გადიან, ზენიტი მესამეა, მალმიო - ბოლო. თუმცა ინტრიგა ჯერ კიდევ არის და თანაც, საკმაოდ დიდი: ვინ დაიკავებს პირველ ადგილს?

4 ტურის შემდეგ ლიდერი იუვენტუსია, რომელსაც ოთხივე მატჩი მოგებული აქვს. იმისათვის, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს, ჩელსის სამშაბათს იუვეს დამარცხება სჭირდება, რომელთანაც ტურინში 0:1 წააგო. 

აღსანიშნავია, რომ იმ თამაშის შემდეგ ჩელსი აღარ დამარცხებულა და ჯამში, ოფიციალურ მატჩებში 9-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს. ტუხელის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო თამაშიც დამაჯერებლად მოიგო (3:0 სტუმრად, ლესტერთან). ბოლო დროს იუვემაც გამოისწორა მდგომარეობა: სასუოლოსთან და ვერონასთან წაგებების შემდეგ, ტურინელებმა ფიორენტინა (1:0) და ლაციო (2:0) დაამარცხეს. ამ მატჩების მშრალი ანგარიშით მოგება იმასაც ნიშნავს, რომ ალეგრიმ მიზანს მიაღწია - გუნდის დაცვა ისევ სტაბილური გახდა.

ჩელსი, დიდი ალბათობით, ისევ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს - ოღონდ, რომელუ ლუკაკუს თამაში ისევ საეჭვოა. იუვენტუსმა ლაციოსთან 3-5-2 სქემით ითამაშა, თუმცა დიდი შანსია, რომ ალეგრი ჩელსისთან ისევ კლასიკურ 4-4-2-ს დაუბრუნდეს, რადგან კიელინი და დანილო ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა პაულო დიბალას თამაშიც.

ამ გუნდების ბოლო 5 დუელიდან ჩელსიმ მხოლოდ 1 მოიგო, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორში კი ტურინელებმა გაიმარჯვეს. ფაქტია, ამჯერადაც ძალიან დაძაბული მატჩი გველის.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის განვლილ 4 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, მაგრამ ჯგუფში მაინც მეორე ადგილზეა. თომას ტუხელის გუნდი იუვენტუსთან ტურინში 0:1 დამარცხდა და იუვეს 3 ქულით ჩამორჩება. თუ მერვედფინალში გასვლა პირველი ადგილით სურს, ჩელსიმ ტურინული გრანდი ‘სტემფორდ ბრიჯზე’ აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

⚽ ტურინში წაგება ჩელსისთვის არა მარტო პირველი მარცხი იყო ჩემპიონთა ლიგაში აპრილის შემდეგ, არამედ ისიც აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბს იუვენტუსი 4 თამაშია, არ დაუმარცხებია (2 ფრე, 2 მარცხი) და აქედან ბოლო 2 შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგო (0:3, 0:1).

⚽ თუ იუვენტუსი ლონდონში მოიგებს, ორჯერ გადაწერს ისტორიას: გახდება პირველი გუნდი, რომელიც ჩელსის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამჯერ დაამარცხებს და იქნება პირველი კლუბი, რომელსაც ევროტურნირებზე ინგლისური კლუბები ზედიზედ 4-ჯერ ეყოლება დამარცხებული. წინა სამი გასვლიდან იუვენტუსმა ინგლისში სამივე მოიგო: 2018 წელს მანჩესტერ იუნაიტედს “ოლდ ტრაფორდზე” 1:0 მოუგო, ასევე 2018-ში ტოტენჰემი სტუმრად 2:1 დაამარცხა და 2015 წელს სეზონში ისევ იუნაიტედს მანჩესტერში 2:1 მოუგო.

⚽ გარდა ამისა, იუვეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხივე თამაში მოგებული აქვს და არც ამ სერიის გაფუჭება სურს.

ტურინში იუვემ ჩელსის ფედერიკო კიეზას გოლით მოუგო

⚽ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულმა გამოსვლამ იუვენტუსს სერია A-ში შექმნილი პრობლემები ცოტათი დაუჩრდილა. შეგახსენებთ, რომ იუვე იტალიის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ საუკეთესო ხუთეულში არ არის. თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბოლო დროს ფორმაში შევიდა და ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

⚽ რის ჯეიმსმა ინგლისის ნაკრებსა და ჩელსიში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან 3-ში საგოლე პასი გააკეთა.

⚽ ფედერიკო კიეზამ ჩელსისთან წინა შეხვედრაში და ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში (4:2 ზენიტთან) მეორე ტაიმში გოლი გაიტანა. 

⚽ ჩელსის ბოლო წლებში იტალიურ კლუბებთან ძალიან უჭირს - ბოლო 10 თამაშიდან იტალიელებთან მხოლოდ 1 მოიგო (1 მოგება, 3 ფრე, 6 მარცხი).

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ჩელსის ბოლო 12 მატჩიდან 11-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. 

⚽ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო.

⚽ ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, თამაში კი მოიგო.

⚽ ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვთ და ის 1 სწორედ იუვენტუსთან წააგეს.

⚽ როცა ჩელსი საკუთარ მოედანზე ანგარიშს ხსნის, ლონდონური კლუბი თამაშების 84 პროცენტს იგებს.

⚽ ჩელსის იუვეს კარში საშუალოდ თამაშში 1 გოლი გააქვს, იუვენტუსს ჩელსის კარში კი - საშუალოდ 1,6 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ჯეიმსი, კანტე, ჟორჟინიო, ჩილუელი - მაუნტი, ზიეში - ვერნერი.
ტრავმა: კოვაჩიჩი, ჰავერტცი, ლუკაკუ.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - კიეზა, ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო - მორატა, კულუშევსკი.
ტრავმა: ბერნარდესკი, კიელინი, დე შილიო, რემზი, დიბალა, დანილო.

კომენტარები

ბოლო ამბები