Thumbnail
  • 'იმ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა, გასახდელში ბევრი უსიამოვნო საუბარი იყო'
  • პეისერსის ლიდერმა შემთხვევა გაიხსენა, რომლის ერთ-ერთი გმირიც ქართველი ცენტრი იყო

ინდიანა პეისერსის ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს ტერნერმა კრიტიკულად მოიხსენია გუნდის ყოფილი დამრიგებელი ნეიტ ბიორკგრენი და ის ინციდენტიც გაიხსენა, რომელიც ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს ასისტენტ მწვრთნელ გრეგ ფოსტერთან მოუვიდა.

“როდესაც NBA-ს კლუბის მთავარი მწვრთნელი ხდები, ხშირად პირველ პლანზე ეგოიზმი გამოდის. თვლი, რომ რახან ამდენს მიაღწიე, უკვე ყველაფერი იცი. ნეიტი ამისგან გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ისე გამოვიდა, რომ აღნიშნულმა აზარალა. ძალიან ცუდი ამბავი, რაც გოგასა და გრეგს შორის მოხდა, ამის გამოძახილი იყო. ინდიანაში მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. საქმე გაწევ-გამოწევამდე მისულიყოს, არც მახსენდება. იმ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა, გასახდელში ბევრი უსიამოვნო საუბარი იყო. საერთოდაც, ყველაფერი ფილმს დაემსგავსა. ბევრი წაგება მოგვიგროვდა და პლეი ოფის მიღმაც პირველად აღმოვჩნდი. არაფერი დაგვრჩენოდა იმის გარდა, რომ მომხდარს შევგუებოდით. უბრალოდ, ვიგრძენით, რომ გუნდში უფრო მეტი ერთიანობა იყო საჭირო და საბოლოო ჯამში, ამას მივაღწიეთ”.

შეგახსენებთ, რომ ბიორკგრენის შესაძლო დათხოვნის შესახებ ხმები მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გაჩნდა, 5 მაისს კი, საკრამენტო კინგსთან მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გრეგ ფოსტერი და გოგა ბითაძე წაეკიდნენ და საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ პეისერსში არაჯანსაღი ვითარება იყო, ბიორკგრენი კი სიტუაციის განსამუხტავად კალათბურთელებთან საუბრისთვის მზად არ გახლდათ.

როდესაც ბითაძეზე გაიწია, გრეგ ფოსტერი სწორედ მაილს ტერნერმა შეაჩერა

საინტერესოა, რომ ბიორკგრენისა და ინდიანას სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, მწვრთნელს კიდევ ერთი გარანტირებული სეზონი რჩებოდა, თუმცა, კლუბმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა. ნეიტმა პეისერსი 2020 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა, თუმცა, პლეი-ინის გადამწყვეტ შეხვედრაში ვაშინგტონთან წააგო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

ამჟამად, პეისერსის თავკაცი გაცილებით გამოცდილი რიკ კარლაილია, რომელიც NBA-ს კლუბების მთავარი მწვრთნელის რანგში ჯერ კიდევ 2001 წლიდან მუშაობს და დალას მავერიკსთან ერთად ჩემპიონობაც აქვს მოგებული, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქართველ კალათბურთელთან მიმართებაში რაიმე ძირეულად შეიცვალა. ბითაძე ამ სეზონშიც ცოტას თამაშობს და საკუთარი პოტენციალის გამოვლენა უჭირს. გოგამ 14 მატჩი ჩაატარა და ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 9.1 წუთი, 3.0 ქულა, 2.4 მოხსნა, 0.6 ჩაჭრა, 0.6 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები