Thumbnail
  • შუქურა 2-3 სამგურალი 
  • წყალტუბოელები საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ

ქობულეთში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევაფინალური მატჩი გაიმართა. შუქურა წყალტუბოს სამგურალს შეხვდა და ძალიან დაძაბულ თამაშში 2:3 დამარცხდა. ქობულეთში, ცივ და წვიმიან ამინდში, პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ძალიან დაძაბული თამაში ვიხილეთ. 5 გოლის გარდა, გუნდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ. 

ანგარიში კი 67-ე წუთზე სტუმართა შემტევმა ალექსანდრე ვერულიძემ გახსნა - ლექვთაძის ჩაწოდების შემდეგ ქურდაძის დარტყმა შეროზიამ მოიგერია, მაგრამ ვერულიძის დამატებას ვეღარ გაუმკლავდა - 0:1. ზუსტად 10 წუთში გოლი ისევ ვერულიძემ გაიტანა, ოღონდ, ამჯერად, თავი მასპინძელთა რიგებში მოთამაშე ბექა ვერულიძემ გამოიჩინა - წყალტუბოელებმა საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს, ვერულიძის დარტყმის შემდეგ კი ბურთი მაქსიმე ქვილითაიამ ხელებში ვერ შეიმაგრა და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1. 

83-ე წუთზე წინ მასპინძლები გავიდნენ - ქვილითაიამ მუსელიანის ლამაზი დარტყმა კი აიღო, მაგრამ კალანდარიშვილმა გაფრინდაშვილს ხელი ვერ შეუშალა და აჭარლები, თითქოს, გამარჯვებას მიუახლოვდნენ. 4 წუთში მასპინძლებმა გოლი საკუთარ კარში მიიღეს - მოედანზე 1 წუთის გასულმა დემურ ჩიხლაძემ ბურთი შუქურას საჯარიმოში ჩააწოდა, ნიკა ჭანტურიამ კი ავტოგოლი გაიტანა - 2:2. ჭანტურიას ავტოგოლიდან 2 წუთში შეხვედრის ულამაზესი გასროლა ვიხილეთ - წყალტუბოელთა კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ, დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და საკუთარ გუნდს ფინალში თამაშის უფლება მოუტანა. 

სამგურალის ფეხბურთელები გამარჯვების გოლს წყალტუბოდან ჩასულ  ფანებთან ერთად აღნიშნავენ
📷 | FC Samgurali official

სამგურალმა საქართველოს თასის ფინალში გასვლა ისტორიაში მესამედ მოახერხა - წყალტუბოელები თასის მოსაპოვებლად გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ. შარშანდელ ფინალში სამგურალი გაგრასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული თასის ფინალში მეოთხედ ითამაშებს. მისი მეტოქე საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის გამარჯვებული იქნება.

შუქურა 2:3 სამგურალი

გოლები: 0:1 ალექსანდრე ვერულიძე(67), 1:1 ბექა ვერულიძე (77), 2:1 გაფრინდაშვილი (83), 2:2 ჭანტურია(ავტოგოლი) (87), 2:3 ფონიავა (89)

შუქურა (4-3-3): შეროზია, ფარტენაძე, ვარშანიძე(74’ გაფრინდაშვილი), ჭანტურია, მუსელიანი, ხმალაძე(70’ ვერულიძე), ინგოროყვა, კომახიძე, რეხვიაშვილი, კაკაშვილი, ჯეფერსონ ჯერალდო

სამგურალი (4-2-3-1) : ქვილითაია, პატარკაციშვილი, კუხიანიძე(78’ ამინუ), ფონიავა, კირკიტაძე(86’ ბუხაიძე), კალანდარიშვილი, ვერულიძე, ქურდაძე, ლექვთაძე(78’ ახვლედიანი), ბურჯანაძე(86’ ჩიხლაძე), კიკაბიძე(87’ დოლიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები