Thumbnail

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ფანჯრისთვის თითქმის სრული შემადგენლობით ემზადება. გუნდთან ერთად მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია არ იმყოფება, რომელსაც 25 ნოემბერს ევროლიგაში მიუნხენის ბაიერნთან მატჩი ელის და მოსკოვიდან ჩარტერული რეისით გამოფრინდება.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთანა და ესპანეთთან მატჩებისთვის მზადება თბილისის სპორტის სასახლეში 20 ნოემბრიდან დაიწყო და თავდაპირველად გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ, 22 ნოემბრიდან კი საწვრთნელ პროცესში ილიას ზუროსიც ჩაერთო.

საქართველოს ნაკრები თითქმის სრული შემადგენლობით ემზადება
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ და ფედერაციამ დიდი სამუშაო გასწია, რათა კალათბურთელებს აქ ჩამოსვლაში დახმარებოდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. ვერ დაგვეხმარებიან დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. იმედია, ისინი მალე მომჯობინდებიან და ჩვენთან ერთად იქნებიან. რთული თამაშები გველის, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმუმი მივიღოთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხომ ამ 2 მატჩით არ სრულდება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მოახლოებული შეხვედრის მოგება გვჭირდება. სასიხარულოა, რომ უკრაინასთან მატჩს მაყურებელი დაესწრება და გვიქომაგებს. მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, ეს, საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება”.

მილოშ გლიგორიევიჩი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ასისტენტი): “ყოველთვის სასიამოვნოა ერთად ყოფნა, თუმცა, სამწუხაროდ, კალათბურთელები სათითაოდ გვიერთდებიან. შაბათ-კვირას ვარჯიში სუპერლიგის მოთამაშეებთან ერთად დავიწყეთ, უცხოეთიდან კი ყველა ჯერაც არ ჩამოსულა. ვფიქრობ, ამ ლიმიტირებულ დროში მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ. ვიცით, რომ წინ 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის: უკრაინასთან შინ და ესპანეთთან – სტუმრად. შევეცადეთ, კალათბურთელებისთვის მეტოქეთა შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ნაკრებში კარგი განწყობაა და ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. უკრაინა ძალიან სპეციფიური გუნდია, რომელიც აგრესიული და სწრაფი კალათბურთის მიმდევარია. 2 ლეგიონერი ჰყავთ, მაღალი ბიჭები – პუსტოვოი და გერუნი. სიახლეა მათ რიგებში ამერიკელი ჯერომ რენდლის დაბრუნება, რომელსაც ნაკრებში დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა, ახლა კლუბი იპოვა და მზადაა. ცხადია, რომ მასთან ერთად უკრაინელებს ახალი პერსპექტივები გაუჩნდათ, განსაკუთრებით, შეტევაში”.

გიორგი შერმადინზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “სამწუხაროდ, უკრაინასთან ბოლო მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, წავაგეთ. მათ მართლაც კარგი ნაკრები ჰყავთ. მაღალი ბიჭებიც არ აკლიათ. პუსტოვოი, რომელიც გრან კანარიაში თამაშობს, ჩემზე მაღალია. მათთან მატჩისთვის თოკოც შემოგვიერთდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი შემადგენლობით ჩამოვა. მართალია, რამდენიმე ცნობილი მოთამაშე არ ეყოლებათ, მაგრამ მაინც მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, პარასკევს სანახაობრივი და რთული მატჩი გველის”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ციკლს 26 ნოემბერს უკრაინასთან საშინაო მატჩით გახსნიან, 29-ში კი ესპანეთში გასვლითი თამაშია. აღსანიშნავია, რომ თბილისში საქართველოს ნაკრების შეხვედრას მაყურებელი 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები