Thumbnail
  • ედუარდო დიკამპო რუბინის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას 2019 წელს ასრულებდა
  • იმ პერიოდში ძირითადში ზურიკო თამაშობდა, ხვიჩა კი მოედანზე შეცვლაზე შედიოდა
  • 47 წლის სპეციალისტი ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს კარგად ახასიათებს

ყაზანის რუბინის ყოფილმა მწვრთნელმა, ესპანელმა სპეციალისტმა ედუარდო დიკამპომ რუსულ გამოცემა Bussines Online-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. 

დიკამპო რუბინის ახალგაზრდულ გუნდს 2012-2017 წლებში ავარჯიშებდა, 2019 წელს კი კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. რეალურად, მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი იყო, თუმცა რუბინის ლეგენდას საჭირო ლიცენზია არ ჰქონდა და ოფიციალურად გუნდს სათავეში სწორედ დიკამპო ედგა. 

ესპანელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელებთან 2019 წელს მუშაობდა

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ყაზანის რუბინში ერთად, 2019 წლის ზაფხულში მივიდნენ. ხვიჩა რუბინში ამ დრომდე რჩება და მისი ლიდერია, ზურიკომ კი 2020/21 წლების სეზონი იჯარით ჯერ ვოლგოგრადის როტორში გაატარა, ამ სეზონის წინ კი ყაზანის კლუბთან კონტრაქტი სულ გაწყვიტა და ტულის არსენალში გადავიდა.  

Bussines Online: იმ სეზონში (2019/2020 წლები) გუნდში ბევრი ქართველი იყო. თქვენ ფსონს დავითაშვილზე ჩამოდიოდით, კვარაცხელია კი, ძირითადად, შეცვლებზე გამოდიოდა. ახლა ასეთი მიდგომა შეცდომად არ გეჩვენებათ?

ედუარდო დიკამპო: ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია ახლაც და იმ სეზონშიც ასეთი იყო. მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მაშინ ზურიკოს იმიტომ ვამჯობინებდით, რომ უკეთეს ფორმაში იყო, ხვიჩას კი სულ მეტოქის მოტყუება უნდოდა. მის მიერ ბურთის დაკარგვა ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა და კონტრშეტევას ვუშვებდით. ახლა კი, როცა კვარაცხელია ბურთს კარგავს, ხვიჩას მონაწილეობის გარეშე სხვა ფეხბურთელებს შეუძლიათ მისი დაბრუნება. ჩვენ დროს კი სხვა მიდგომა იყო, გვინდოდა, მთელ გუნდს შეეტია და თავი ასევე მთელ გუნდს დაეცვა. ახლა ხვიჩა იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩემი მწვრთნელობის პერიოდში. 

Bussines Online: რასთანაა კავშირში მისი პროგრესი?

დიკამპო: აქ სლუცკის როლმა ითამაშა. მან უფრო მეტი სათამაშო დრო მისცა. გუნდს გათვლა ხვიჩაზე აქვს, რომ ის მომენტებს შექმნის: პენალტს მოიპოვებს, თვითონ გაიტანს, ან მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს. ჩვენს ხელშიც ჰქონდა პროგრესი, როცა სათადარიგოთა სკამიდან შემოდიოდა. 

ზურიკო და ხვიჩა ზოგჯერ მოედანზე ერთმანეთსაც ცვლიდნენ

Bussines Online: საუბარი იმის შესახებ, რომ ხვიჩა აუცილებლად ძლიერ ევროპულ კლუბში უნდა გადავიდეს, ზედმეტად ხომ არ გეჩვენებათ?

დიკამპო: არა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მას ამხელა ყურადღება არ უნდა დაუთმონ. ხვიჩა მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო და კარიერას იწყებდა. მისთვის მშვიდად შრომის საშუალება უნდა მიეცათ, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოხდებოდა. დიდი ალბათობით, მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რეალურ ინტერესზე მეტად აგენტების სურვილია, რათა კვარაცხელია გაყიდონ. მაგრამ ნათელია, ადრე თუ გვიან ხვიჩა ევროპაში ითამაშებს.

ზურიკომ ტულის არსენალში ამ სეზონის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა

Bussines Online: დავითაშვილმა რატომ ვერ მიაღწია იგივე წარმატებას?

დიკამპო: ზურიკოს გოლები აკლია. როცა ის სეზონში 6-7 გოლის გატანას დაიწყებს, ბრწყინვალე ფეხბურთელი დადგება. მას კარგი ტექნიკა და კარგი პასი აქვს, დიდ სამუშაოს ასრულებს. ის შრომისმოყვარე ფეხბურთელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები