Thumbnail

'ქეცბაიამ მას ბოთლი ესროლა' - მედია ანორთოსისის ფეხბურთელებთან დაპირისპირებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი კრიზისშია - 12-გუნდიან ჩემპიონატში კლუბი, სადაც გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა თამაშობენ 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა. კვიპროსული მედია ქართველ თავკაცს უკვე მწვავედ აკრიტიკებს. მთავარი თემა კი საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელის კონფლიქტია ნიკა კაჭარავასთან და კლუბის კიდევ ერთ ფორვარდთან, ჩრდილოირლანდიელ კაილ ლაფერტისთან. 

კვიპროსული მედიის ცნობით, ქეცბაიას ფეხბურთელებთან დაპირისპირება აქვს, მათ შორის, ქართველებთან

ანორთოსისი ამას წინათ, სტუმრად ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან 2:3 დამარცხდა - 52-ე წუთზე ქეცბაიამ ლაფერტის ნაცვლად კაჭარავა შეიყვანა, თუმცა მატჩის შემდეგ გასახდელში მთელი რისხვა სწორედ ცენტრფორვარდებზე გადატყდა. კვიპროსული მედია ინციდენტის დეტალებს ასაჯაროვებს.

sportdog.gr კვიპროსულ Goal-ზე დაყრდნობით წერს: "თავიდან ქეცბაიამ ცენტრალურ მცველებს უსაყვედურა გაშვებული ბურთების გამო - ის ამბობდა, რომ დაცვის ცენტრში ანორთოსისს "დიდი ხვრელი" ჰქონდა.

შემდეგ ქეცბაია პოპოვიჩს და ორ ფორვარდს, კაილ ლაფერტის და ნიკა კაჭარავას გადაწვდა. ის მათ, განსაკუთრებით კი ლაფერტის, "იოლი გოლების" ვერგატანაში ადანაშაულებდა. ქეცბაიამ ლაფერტის მიმართულებით წყლით სავსე ბოთლი გაისროლა, რასაც ჩრდილოირლანდიელმა fuck you-თი უპასუხა და მწვრთნელზე გაიწია. მწვრთნელმა უკან არ დაიხია და მიაძახა ლაფერტის, რომ მისთვის ანორთოსისი დასრულებულია.

ამის შემდეგ კაჭარავა ჩაერია და თანამემამულე მწვრთნელს სთხოვა დაწყნარებულიყო, შედეგად, ქეცბაიამ გუნდიდან კაჭარავაც დაითხოვა. გასახდელში სიტუაცია ტრაგი-კომიკური იყო, რაღაც ნივთები ცვიოდა, ზოგი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეს მწვრთნელს უფრო აბრაზებდა".

წყაროს ცნობით, ქეცბაიას აღარ სურს ლაფერტისთან, კაჭარავასთან, პოპოვიჩთან, დენის პოპოვიჩთან და პაულიუს არაიურისთან თანამშრომლობის გაგრძელება. კაილ ლაფერტი ჩრდილოირლანდიული ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა - ეროვნულ ნაკრებში 85 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი. ანორთოსისი ამაღამ გიორგი ჩაკვეტაძის გენტს მასპინძლობს კონფერენსლიგის მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები