Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრა დასრულდა და გაირკვა, რა გზის გავლა მოუწევთ იტალიის, პორტუგალიის და სხვა ნაკრებ გუნდებს იმისათვის, რომ 2022 წლის მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვონ.

ყველაზე დამაინტრიგებელი ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ან იტალიის ნაკრებს ვერ ვნახავთ, ანაც პორტუგალიის ნაკრები! ევროპის მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები ერთ გზაზე მოხვდნენ და თუ ნახევარფინალებს მოიგებენ, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან! იტალიელებისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ ორივე გრანდი ფინალში გავა, გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიაში გაიმართება.

როგორც იცით, იტალიამ და პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შესარჩევიდან პირდაპირ ვერ გაინაღდეს. მათ გარდა, მუნდიალს მიღმა დარჩენის საფრთხე რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთსაც ემუქრება. პლეი ოფის ახალი სისტემა საკმაოდ ჩახლართულია

ევროპისთვის დარჩენილი 3 საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. პლეი ოფში ითამაშებენ შესარჩევის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული ქვეყნები (სულ 10) და 2 საუკეთესო გამარჯვებული ერთა ლიგის (2020/21) ჯგუფებიდან - გუნდები, რომლებმაც მუნდიალის საგზური შესარჩევიდან ვერ მოიპოვეს (ვერც პირველზე გავიდნენ და ვერც მეორეზე).

მოკლედ, პლეი ოფის მონაწილეები არიან: პორტუგალია, იტალია, რუსეთი, შოტლანდია, შვედეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, უელსი, თურქეთი, ავსტრია (ერთა ლიგიდან) და ჩეხეთი (ერთა ლიგიდან). 

ნაკრებებს 3 გზა აქვთ - A, B და C გზები. თითოეულ გზაზე გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი (ერთმატჩიანი). ამ სამივე გზის გამარჯვებული გუნდები მუნდიალის საგზურებს მოიპოვებენ.

A გზა
ნახევარფინალი 1: შოტლანდია V უკრაინა
ნახევარფინალი 2: უელსი V ავსტრია

B გზა
ნახევარფინალი 3: რუსეთი V პოლონეთი
ნახევარფინალი 4: შვედეთი V ჩეხეთი

C გზა
ნახევარფინალი 5: იტალია V ჩრდ. მაკედონია
ნახევარფინალი 6: პორტუგალია V თურქეთი

რომელი ნაკრებები იქნებიან მასპინძლები ფინალებში? A გზა - ფინალში მასპინძელი ან უელსი იქნება, ანაც ავსტრია (რომელიც ფინალში გავა), B გზის შემთხვევაში, ფინალში მასპინძლობის უფლება წილისყრით რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებულმა მიიღო, ხოლო ყველაზე რთული, C გზის მასპინძელი კი ფინალში ან პორტუგალია იქნება, ანაც თურქეთი. ნახევარფინალები 2022 წლის 24 მარტს გაიმართება, ფინალები კი - 29 მარტს.

მოკლედ, იტალიის ნაკრები სერიოზული საფრთხის წინაშეა - ზედიზედ მეორედ დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა...

აზია V სამხრეთ ამერიკა, კონკაკაფი V ოკეანეთი

გაირკვა სხვა კონფედერაციების პლეი ოფებიც. AFC-ის გუნდი (აზია) კონმებოლის (სამხრეთ ამერიკა) გუნდს შეხვდება, ხოლო კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) გუნდი კი - ოკეანეთის გუნდს შეხვდება. უფრო ზუსტად: აზიის მეხუთე ნაკრები სამხრეთ ამერიკის მეხუთე ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო კონკაკაფის მეოთხე გუნდი კი - ოკეანეთის საუკეთესო ნაკრებს.

ამ ოთხეულიდან ჯერ არცერთი გუნდი არ არის გარკვეული. ამჟამინდელი მდგომარეობით, აზიის პლეი ოფის ადგილზე შესაძლოა ავსტრალია, ან იაპონია მოხვდნენ და პლეი ოფში სამხრეთ ამერიკის ისეთ ნაკრებს შეხვდნენ, როგორებიცაა კოლუმბია, პერუ, ჩილე ან ურუგვაი. ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში მეოთხე ადგილზე ახლა პანამის ნაკრებია, რომლის სავარაუდო მეტოქე ოკეანეთიდან ახალი ზელანდია გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები