- ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველო ევროპის ჩემპიონია
- ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე ავსტრიას, საფრანგეთსა და თურქეთს აჯობეს
- ქართველებმა ფინალში ნიდერლანდები დაამარცხეს
რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველომ ავსტრიას, საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს მოუგო.
ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ.) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) წონითი კატეგორიებით დაკომპლექტებული გუნდებით ტარდება. საქართველომ ავსტრიას 4:0 სძლია, საფრანგეთს 4:2 მოუგო და თურქეთიც ნახევარფინალში იმავე ანგარიში 4:2 დაამარცხა.
ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, რომლის გმირიც საბა ინანეიშვილი გახდა. მან 3:3-ზე ნიდერლანდელ მეტოქეს იპონით აჯობა და საქართველოს შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ეს არის პირველი და ისტორიული ტიტული შერეულ გუნდებს შორის ქართული ძიუდოსთვის.
კომენტარები