Thumbnail

ფიბამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ფანჯარა შეაჯამა და რჩეულ კალათბურთელთა შორის ქართველებიც შეიყვანა.

სასტარტო ტურის საუკეთესო 5 მოთამაშეს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი თად მაკფადენი, რომელიც უკრაინასთან მოგებულ (88:83) შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

“მაკფადენმა ძალიან მაგრად დაიწყო უკრაინასთან მატჩი და უკვე სასტარტო მეოთხედში 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოო ჯამში, მან 27 ქულა მიითვალა და აქტივში 9 პასიც ჰქონდა”, - ვკითხულობთ ფიბას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საბოლოო ჯამში, თადმა მოედანზე 37:42 წუთი გაატარა და ეს, ორივე გუნდის რიგებში უდიდესი მაჩვენებელი იყო. მაკფადენმა 3-დან 2 ორქულიანი, 12-დან 7 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და აქტივში 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის გარდა, ფიბა-მ რჩეულ ხუთეულში სერბი მილოშ ტეოდოსიჩი (21 ქულა, 9 პასი), ბრიტანელი ტედი ოკერეაფორი (19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი), ლიეტუველი ოსვალდას ოლისევიჩიუსი (20 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა) და ბელარუსი არტიომ პარახუსკიც (16 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება) შეიყვანა.

ამჟამად, ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად ფიბა-ს ვებ-გვერდზე გამოკითხვაც მიმდინარეობს, სადაც მაკფადენს ხმათა 18% აქვს მიღებული და მე-3 ადგილზეა ოკერეაფორისა (47%) და ოლისევიჩიუსის (24%) შემდეგ.


ფიბამ პირველი სათამაშო ტურის TOP 10-იც შეადგინა, სადაც ეპიზოდი თორნიკე შენგელიას მონაწილეობით მე-4 ადგილზე გავიდა. საუბარია შეტევაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მე-3 მეოთხედის მიმდინარეობისას განახორციელა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მეტოქის მიერ აცილებული ბურთი მოხსნა, მთელი მოედანი გადაკვეთა და ეფექტური სლემი შეასრულა. ამ დროს საქართველოს ნაკრები 55:59 ჩამორჩებოდა, შენგელიას ლიდერობით კი, გუნდმა "გაქცევა" მოაწყო და მალე წინ გაჭრაც მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის მე-2 საკვალიფიკაციო ფანჯარა სტარტს დღეს აიღებს, ქართველ კალათბურთელებს კი მომდევნო შეხვედრა ხვალ, 29 ნოემბერს ელით. ილიას ზუროსის ნაკრები ესპანეთის ქალაქ ხაენში იმყოფება, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მასპინძლებს გაეჯიბრება. ორშაბათსვე, G საკვალიფიკაციო ჯგუფში უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები