Thumbnail

ენისეის მწვრთნელი: ასეთი არაფერი მინახავს, ქართველებს წაგება უნდა ჩათვლოდათ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კრასნოიარსკის ენისეის რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით 11 დეკემბერს თბილისში შავ ლომთან დაპირისპირება ელის, თუმცა, რუსული კლუბის მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ პერვუხინს ჯერ ამ გუნდების პირველი ჩაშლილი მატჩი ვერ მოუნელებია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, გართულებული კოვიდ-სიტუაციი გამო, ქართულმა ფრენჩაიზმა რუსეთში ჩასვლა ვერ მოახერხა. როგორც პერვუხინი ამბობს, შავი ლომი უპასუხისმგებლოდ მოიქცა და წაგება უნდა ჩათვლოდა, რაც სატურნირო ვითარებას ძირეულად შეცვლიდა.

ალექსანდრ პერვუხინი: “იმ ჩაშლილ მატჩზე უკვე ბევრი ითქვა, თუმცა, ფაქტია, რომ სუპერთასის ორგანიზება მაღალ დონეზე ნამდვილად არაა. კი, რაგბი ევროპა გვეუბნება, რომ ეს პირველი ტურნირია და გარკვეული ხარვეზები მოსალოდნელი იყო, თუმცა, ასეთი ქაოსი ნამეტანია. ამგვარი ნამდვილად არასდროს მინახავს. ევროთასებზე უკვე 5 წელია ვთამაშობთ, მაგრამ აქ რა მიდგომებიც ვნახე, დიდი ეჭვი მაქვს, სუპერთასში სამომავლოდ ჩართვა კიდევ მოგვინდეს.

იმაზეც კი თანახმა ვიყავით, რომ ფინანსურ კუთხეზე თვალი დაგვეხუჭა და ქართველების კრასნოიარსკში ჩამოსვლა თავად დაგვეფინანსებინა. როგორც ვიცი, რაგბი ევროპაში, ასევე ქართულ და ისრაელის ფრენჩაიზებში სწორედ ამის იმედი ჰქონდათ, თუმცა, ორდღიანი ფიქრის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი ფრენა იყო, რომელიც მოთამაშეების კეთილდღეობას აზარალებდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ქვეყნებს შორის არსებული რთული მდგომარეობის გამო, მათ ფრენა სტამბულის გავლით მოუწევდათ, ეს კი, რთული პროცესი იყო. ამასთან არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ თბილისში ჩასასვლელად ჩვენც იგივე გზა უნდა გაგვევლო.

პირადად ამ სიტუაციაში ერთი რამ მაწუხებს. დიახ, ნებისმიერი კლუბი თუ ფედერაცია თავად წყვეტს ამა თუ იმ ადგილას როგორ ჩააღწიოს. კარგი, იშოვეს ფული და ჩარტერი შეუკვეთეს, ყოჩაღ, თუმცა, ახლანდელი კოვიდ და პოლიტიკური სიტუაციაც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ, მითუმეტეს, რომ ამის თაობაზე თავად წერდნენ. და ამ ფონზე ჩარტერზე მუშაობენ, მაგრამ არანაირი სარეზერვო ვარიანტი არ გააჩნიათ. მაგალითად, რუსეთის ფედერაციამ ისეთი სამუშაო გასწია, სხვები საერთოდ არც კი დაფიქრდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ ქართველებთან მიმართებაში ასე მოვქცეულიყავით, არც არავინ მოგვისმენდა, პირდაპირ წაგებას ჩაგვითვლიდნენ. მაშინ ეს ჩვენი პრობლემა იქნებოდა. მეტი რა უნდოდათ? პრობლემა მოვაგვარეთ და მათ რუსეთში შემოსვლის უფლება მისცეს, შემდეგ კი, თამაშის 4 საათით გადატანასაც დავთანხმდით, მაგრამ გვითხრეს, რომ გამოძინებას ვერ მოასწრებდნენ... და სად არის მაშინ სპორტული პრინციპი? ენისეის რომ საშინაო მოედნის უპირატესობას ართმევ, ეს ნორმალურია და ცოტა ძილის მოკლება (ორ საათზე რომ დაწვე და 12-ზე ადგე) – არანორმალური.

ახლა, გვთავაზობენ მატჩი 20 მარტისთვის გადავიტანოთ, არადა, ამ დროს რუსეთის ნაკრებიც თამაშობს, ჩვენ კი, იქ 7-8 მორაგბეს ვაგზავნით ხოლმე. გვეუბნებიან, რომ სხვა თავისუფალი თარიღი უბრალოდ არ არსებობს. ამაზე ასეთი პასუხი მაქვს: ბარემ შემოგვთავაზეთ, რომ სუპერთასიდან საერთოდ მოვიხსნათ. მატჩის გადადებისა და ფინანსირების საკითხი ჯერაც ჰაერშია. ჩვენ მოლაპარაკების ყველა პუნქტი შევასრულეთ, თამაშის ორგანიზება შევძელით და ყველანაირად მზად ვიყავით. რატომ არ ჩამოვიდნენ ქართველები? ან რატომ არ გაატარეს ის 5 დღე რუსეთში, როგორც ეს თელ ავივ ჰითმა გააკეთა? სახლში წასვლა უნდოდათ და კარგი, წავიდნენ, მაგრამ შემდეგ დროულად აღარ დაბრუნდნენ, რისთვისაც წაგება უნდა ჩათვლოდათ.

მოკლედ, იმის თქმა შემიძლია, რომ სრული ქაოსი გვაქვს, რაც ევროპის რაგბის ფედერაციას უდიდეს ჩრდილს აყენებს. არც კი ვიცი, მომდევნო წელს ამ სუპერთასზე რეგისტრაცია ღირს თუ – არა. ჩელენჯ ქაფზე 5 წელი გავატარეთ და ამ ტურნირისგან შეუდარებელი მოგონებები დაგვრჩა. იმედია, იქ ისევ დავბრუნდებით და ეს, ენისეის განვითარებისთვის ძალიან დიდი პლუსი იქნება, სუპერთასს კი იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია”.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ახალ ტურნირში 16 ოქტომბერს ჩაერთო და ჯერ ავჭალაზე თელ ავივი ჰითი დაამარცხა ბონუსით (33:10), მერე კი პენზაში ლოკომოტივს 27:11 სძლია და 10 ქულით მეორე ადგილზეა. თავის მხრივ, ენისეიმ სუპერთასის სასტარტო მატჩებში ლოკომოტოვს 2-ჯერ აჯობა (22:6 და 44:21), ოქტომბრის ბოლოს კი ჰითს მოსკოვში უმასპინძლა და 31:34 წააგო. ვინაიდან ამ თამაშში ენისეიმ სანუგეშო ქულა აიღო, ჯამში 11 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას ინარჩუნებს. 4 დეკემბერს შავი ლომი ლოკომოტივს უმასპინძლებს, თელ ავივ ჰითი კი ენისეის დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები