- მაგნუს კარლსენი 3.5:2.5 იან ნეპომნიაშჩი
- ნორვეგიელი მოჭადრაკე საჩემპიონო მატჩში დაწინაურდა
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პირველი შედეგიანი პარტია შედგა. ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და რუსმა იან ნეპომნიაშჩიმ სატიტულო შეხვედრებში ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პარტია ითამაშეს, რომელიც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 136-ე (!) სვლაზე მოიგო.
პარტია 7 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და გადაფარა 1978 წელს გამართული შეხვედრა, რომლის მონაწილეებიც ანატოლი კარპოვი და ვიკტორ კორჩნოი იყვნენ. ის დაპირისპირება 124 სვლა გაგრძელდა.
ცნობისთვის, კარლსენსა და ნეპომნიაშჩის შორის 5 პარტია ყაიმით დასრულდა, ხსენებული გამარჯვების შემდეგ კი, მაგნუსი 3.5:2.5 დაწინაურდა და ტიტულის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ცნობისთვის, საჩემპიონო შეხვედრა არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით, მოთამაშეებს შორის 14 პარტია გათამაშდება. საპრიზო თანხა 2 მილიონი დოლარი გახლავთ, რომლის 60%-საც გამარჯვებული მიიღებს. თუ დუელი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ამ შემთხვევაში მოგებულს 55% ერგება.
მაგნუს კარლსენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 2013 წლიდან ფლობს. ნორვეგიელმა დიდოსტატმა ჩემპიონობა 3-ჯერ დაიცვა, ბოლო 2 შემთხვევაში კი ტაიბრეიკი დასჭირდა. თუ 31 წლის კარლსენი რუსს დაამარცხებს, მსოფლიო ჩემპიონის სატიტულო 5 შეხვედრა ექნება მოგებული და ამ მაჩვენებლით მიხაილ ბოტვინიკსა (სსრკ) და ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) გაუთანაბრდება – წინ მხოლოდ ემანუელ ლასკერი (გერმანია), გარი კასპაროვი და კარპოვი დარჩებიან, რომლებმაც 6-6 საჩემპიონო დუელში იმარჯვეს.
კომენტარები