Thumbnail
  • პარტიზანისა და ანორთოსისის მატჩს გიორგი ყრუაშვილი განსჯის
  • ეს მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია - პლეი ოფისთვის იბრძვიან
  • სერბულ მედიაში ქართველი მსაჯის დანიშვნა უარყოფითად შეაფასეს

უეფას კონფერენსლიგის მე-6 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ბელგრადში პარტიზანს ესტუმრება და ამ შეხვედრას ქართველები იმსაჯებენ.

უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მისი ასისტენტები კი ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

35 წლის ყრუაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე 2019 წლიდან მსაჯობს, როდესაც დებიუტი ევროპალიგაზე, ლუგანოსა და მალმიოს მატჩში ჰქონდა. მიმდინარე სეზონში გიორგიმ ევროპალიგაზე ფეიენოორდი-უნიონ ბერლინი იმსაჯა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფერენცვაროში-ჟალგირისი, ხოლო უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ბეშიქთაში-დორტმუნდი. ისიც ვთქვათ, რომ ყრუაშვილმა ევროპალიგის სამი მატჩი გასულ სეზონშიც განსაჯა, მათ შორის ტოტენჰემი-ლუდოგორეცი. ქართველმა მსაჯმა მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის რამდენიმე თამაშზე იმუშავა, მათ შორის ფინალშიც (გერმანია-პორტუგალია).

ყრუაშვილი ევრო U21-ის ფინალში გერმანელ ლუკას ნმეჩას აფრთხილებს

პარტიზანი-ანორთოსისის მატჩი გადამწყვეტია - ჯგუფში მეორეადგილოსნის ბედი უნდა გაირკვეს. სერბებს მიზნის მისაღწევად ფრეც აწყობთ, ხოლო თემურ ქეცბაიას გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდება. თუ ანორთოსისი მოიგებს, საკუთარ თავზე მაინც არ იქნება დამოკიდებული, მაშინ ესტონურმა ფლორამ ბელგიური გენტი სტუმრად ვერ უნდა დაამარცხოს, რადგან ფლორასაც 5 ქულა აქვს, როგორც კვიპროსულ გუნდს.

მოკლედ, გიორგი ყრუაშვილს უეფამ პრინციპული მატჩი ჩააბარა, რასაც სერბულ მედიაში კრიტიკა მოჰყვა. სერბებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ყრუაშვილი ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამემამულეა და საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც არ გააჩნია. პარტიზანისა და ანორთოსისს მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები