Thumbnail

ძალოსნობა | შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 286 კგ. დააფიქსირა
  • დღესვე ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილიც ვიხილეთ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს ქართველი ძალოსნები ჩაებნენ და პირველი მედლებიც იქნა მოპოვებული.

წარმატებას 27 წლის შოთა მიშველიძემ მიაღწია, რომელმაც 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ შოთა ატაცში 126-კილოგრამიან შტანგას მე-2 ცდაზე გაუმკლავდა, შემდეგ კი 131 კგ-ის ასწია და მცირე ვერცხლს დაეუფლა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 155 კგ. დააფიქსირა და ესეც მე-2 მაჩვენებელი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, მიშველიძემ 286 კგ. მოაგროვა და მხოლოდ სამხრეთკორეელ როკ შინს (288 კგ.) ჩამორჩა.

ცნობისთვის, მიშველიძეს 2017 წელს ანაჰაიმში (აშშ) მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატებზე კი ოქრო (2018 წელს, ბუქარესტში) და ვერცხლი (2021 წელს, მოსკოვში) გააჩნია.

შოთა მიშველიძე

ატაცი: 126 კგ. ❌, 126 კგ. ✅, 131 კგ. ✅

აკვრა: 150 კგ. ✅, 155 კგ. ✅ 160კგ. ❌

რამინ შამილიშვილი

ამავე წონაში იასპარეზა რამინ შამილიშვილმა, რომელმაც ატაცში სამივე მისვლა (117, 120 და 122 კგ.) გამოიყენა, აკვრაში კი 145 კგ-ს გაუმკლავდა. ჯამში, რამინის შედეგი 267 კგ. იყო და ის მე-7 ადგილზე გავიდა.

რამინ შამილიშვილი

ატაცი: 117 კგ. ✅, 120 კგ. ✅, 122 კგ. ✅

აკვრა: 141 კგ. ✅, 145 კგ. ✅ 148 კგ. ❌

ხვალ, ტაშკენტურ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟ კახი ასანიძეს (73 კგ.) ვიხილავთ, მომდევნო დღეებში კი მსოფლიოს ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე (89 კგ.), ირაკლი გობეჯიშვილი, ანტონ პლესნოი (ორივე – 96 კგ.), ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) იასპარეზებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები