Thumbnail
  • ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა 
  • ლევადიას ფეხბურთელმა 32 მატჩში 24 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა
  • 31 წლის შემტევი ესტონეთის პასპორტს ფლობს და ნაკრებში მიწვევას ელოდება

ზაქარია ბეგლარიშვილმა ქვეყნის ჩემპიონობა კიდევ ერთ ესტონურ კლუბს მოაპოვებინა. ბოლო ტურში, უშუალო კონკურენტ ფლორასთან ფრედ დასრულებულმა მატჩმა ლევადიას შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, საიუბილეო მეათე ჩემპიონობა მოუტანა. ტალინური კლუბის ქართველმა გამთამაშებელმა რეგულარულ სეზონში 20, ხოლო საჩემპიონო რაუნდში კი 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 31 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზე ჯამში 18 საგოლე გადაცემაცაა.

"ფლორას გულშემატკივრებმა დამირეკეს და ჩემპიონობა მომილოცეს", - ამბობს "პოპსპორტთან" ინტერვიუში ბეგლარიშვილი, რომელიც ესტონეთში 2010 წლიდან თამაშობს, ტალინის ფლორასთან ერთად ის ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი გახდა, ლევადიაში კი პირველი სეზონი ჩაატარა.

ბეგლარიშვილმა 32 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა

ზაქარია ბეგლარიშვილმა 2019 წელს ესტონური პასპორტი მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოძახებას ელოდება. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებში მას ერთხელ აქვს ნათამაშები და ისიც ესტონეთთან. 2015 წელს, ტალინში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც კახა ცხადაძის გუნდმა ანგარიშით 0:3 წააგო, ბეგლარიშვილმა 12 წუთი ითამაშა.

"დარწმუნებული ვარ ესტონეთის ნაკრებიდან მოწვევას მივიღებ", - აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც  თავისი კარიერის გამორჩეულ მომენტებსაც იხსენებს.

📺 | ნახეთ: პოპსპორტის ინტერვიუ ზაქარია ბეგლარიშვილთან

კომენტარები

ბოლო ამბები