Thumbnail
  • რეალი 2:0 ატლეტიკო | გოლები: 1:0 ბენზემა (16), 2:0 ასენსიო (57)
  • რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაგარ ფორმაშია
  • დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს პრობლემები აქვს

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რეალმა მადრიდულ დერბიში ატლეტიკოს 2:0 სძლია და ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა.

მე-16 წუთზე მასპინძელთა კარგი კონტრშეტევა ვინისიუსის საგოლე პასითა და ქარიმ ბენზემას ძალიან ეფექტური გოლით დასრულდა. რეალმა უპირატესობა მე-2 ტაიმში გაზარდა და ვინისიუსი ისევ ასისტენტის როლში მოგვევლინა, გოლი კი ამჯერად მარკო ასენსიომ გაიტანა. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

ქარიმ ბენზემამ 2021 წელს 36 გოლი გაიტანა

რეალს დიდებული სერია აქვს: ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 თამაში მოიგო, ბოლო 13 მატჩიდან კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა ქულები, როცა შინ ოსასუნას ვერ მოუგო. თავის მხრივ პრობლემები აქვს ატლეტიკოს. როგორც ჩანს, შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა და დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო ტურში მარცხი განიცადა.

რეალი ჩემპიონატს დამაჯერებლად, 42 ქულით ლიდერობს და სევილიას 8 ქულით უსწრებს (ანდალუსიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული), ხოლო ატლეტიკოს 29 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.

საინტერესო ფაქტები

ქარიმ ბენზემამ მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა, რაც მხოლოდ ერთით ნაკლებია, ვიდრე მანამდე 34 შეხვედრაში გაუტანა (4 გოლი).

ბენზემამ 2021 წელს 36-ე გოლი გაიტანა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. მანამდე ყველაზე შედეგიანი 2019 წელს ჰქონდა, როცა თავი 35-ჯერ გამოიჩინა.

ბენზემამ (3 საგოლე პასი ბრაზილიელზე) და ვინისიუსმა (2 საგოლე პასი ფრანგზე) მიმდინარე სეზონში ერთად 5 გოლი შექმნეს, რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია ორი ფეხბურთელის კომბინირების თვალსაზრისით.

ვინისიუსი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც XXI საუკუნეში მადრიდულ დერბიში (ერთ მატჩში) 2 საგოლე პასი გააკეთა.

⚽ რეალმა ატლეტიკოსთან ისტორიაში პირველად მოახერხა საკუთარ მოედანზე ზედიზედ 4 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა და ოთხივე შემთხვევაში კარს ტიბო კურტუა იცავდა. ბელგიელმა ამ მატჩებში 11 სეივი მიითვალა, მათ შორის, 6 დღევანდელ თამაშში.

რეალი 2:0 ატლეტიკო

გოლები: 1:0 ბენზემა (16), 2:0 ასენსიო (57)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი (81. ნაჩო), მილიტაო, ალაბა, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო (85. ვალვერდე), ბენზემა (46. იოვიჩი), ვინისიუსი (87. როდრიგო).

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ლორენტე, ფელიპე, კონდოგბია, ჰერმოსო - კორეა (60. სუარესი), დე პაული (69. ერერა), კოკე, ფერეირა-კარასკო (46. ლემარი) - გრიზმანი (46. ჟოაო ფელიქსი), კუნია (60. რენან ლოდი).

კომენტარები

ბოლო ამბები