Thumbnail

UPDATE: ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რომელიც დღეს თბილისის დროით 15:00-ზე გაიმართა, გაუქმებულია!

ხელახალი წილისყრა დღესვე, 18:00-ზე გაიმართა. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა. პირველი წილისყრის შედეგების გაუქმების მიზეზი ორი შეცდომაა, რომელიც პროცედურის დროს მოხდა.

აი, რა მოხდა: რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა, რომელიც კალათებიდან ბურთულებს იღებდა, ვილიარეალს მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირა. ეს წყვილი არ შეიძლებოდა, შემდარიყო, რადგან გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ. როგორც გაირკვა, კალათში შეცდომით მოათავსეს იუნაიტედის ბურთულა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი 1:8 იყო, არშავინმა ვილიარეალთან სწორედ იუნაიტედი ამოიღო. წილისყრის ხელმძღვანელმა ჯორჯო მარკეტიმ შეცდომა მაშინვე შენიშნა და რუს ფეხბურთელს სხვა ბურთულა ამოაღებინა - მანჩესტერ სიტი.

მოგვიანებით კი უფრო უარესი შეცდომა მოხდა: ატლეტიკოს მეტოქის ამოღებისას, პოტენციური მეტოქეების კალათში მანჩესტერ იუნაიტედის ბურთულა არ იყო მოთავსებული, ატლეტიკოს კი ბაიერნი შეხვდა...

ამრიგად, წილისყრა დღეს თავიდან გაიმართება და გუნდები ხელახლა დაწყვილდებიან. აქვე გადახედეთ, როგორი იყო გაუქმებული წილისყრის შედეგები:

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები: ბენფიკა V რეალი, ვილიარეალი V მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო V ბაიერნი, ზალცბურგი V ლივერპული, ინტერი V აიაქსი, სპორტინგი V იუვენტუსი, ჩელსი V ლილი, პარი სენ-ჟერმენი V მანჩესტერ იუნაიტედი

ამ ეტაპზე 8-8 გუნდი ორ კალათაში იყო გადანაწილებული - ჯგუფების გამარჯვებულები განთესილები იყვნენ, მეორეადგილოსნები კი განუთესავები. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ. ასევე ვერ შეხვდებოდნენ ის გუნდები, რომლებიც ჯგუფში ერთად იყვნენ. პლუს ამას, პირველადგილოსნები მერვედფინალის პირველ მატჩებს სტუმრად გამართავენ, რაც ასევე უპირატესობაა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც იცით, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორი მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება, ავტომატურად დამატებითი დრო ინიშნება - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი გოლი გაიტანა სტუმარმა გუნდმა რომელიმე დუელში.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება. პირველი მატჩები 2022 წლის 15/16 და 22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 8/9 და 15/16 მარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები