Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა, გაუქმდა და ხელახლა ჩატარდა - ეს ისტორიული მოვლენაა! წილისყრის პროცედურის დროს უპატიებელი შეცდომები დაფიქსირდა, რის გამოც უეფა იძულებული გახდა, შედეგები გაეუქმებინა.

ხელახალი წილისყრა დღესვე, თბილისის დროით 18:00-ზე ჩატარდა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები

ზალცბურგი V ბაიერნი (16 თებერვალი, 8 მარტი)
სპორტინგი V მანჩესტერ სიტი (15 თებერვალი, 9 მარტი)
ბენფიკა V აიაქსი (23 თებერვალი, 15 მარტი)
ჩელსი V ლილი (22 თებერვალი, 16 მარტი)
ატლეტიკო V მანჩესტერ იუნაიტედი (23 თებერვალი, 15 მარტი)
ვილიარეალი V იუვენტუსი (22 თებერვალი, 16 მარტი)
ინტერი V ლივერპული (16 თებერვალი, 8 მარტი)
პარი სენ-ჟერმენი V რეალი (15 თებერვალი, 9 მარტი)

ამ ეტაპზე 8-8 გუნდი ორ კალათაში იყო გადანაწილებული - ჯგუფების გამარჯვებულები განთესილები იყვნენ, მეორეადგილოსნები კი განუთესავები. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ. ასევე ვერ შეხვდებოდნენ ის გუნდები, რომლებიც ჯგუფში ერთად იყვნენ. პლუს ამას, პირველადგილოსნები მერვედფინალის პირველ მატჩებს სტუმრად გამართავენ, რაც ასევე უპირატესობაა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც იცით, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორი მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება, ავტომატურად დამატებითი დრო ინიშნება - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი გოლი გაიტანა სტუმარმა გუნდმა რომელიმე დუელში.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება. პირველი მატჩები 2022 წლის 15/16 და 22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 8/9 და 15/16 მარტს.

პირველი წილისყრის შეცდომები

აი, რა მოხდა მანამდე, პირველ წილისყრაზე: რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა, რომელიც კალათებიდან ბურთულებს იღებდა, ვილიარეალს მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირა. ეს წყვილი არ შეიძლებოდა, შემდარიყო, რადგან გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ. როგორც გაირკვა, კალათში შეცდომით მოათავსეს იუნაიტედის ბურთულა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი ძალიან მცირე იყო, არშავინმა ვილიარეალთან სწორედ იუნაიტედი ამოიღო. წილისყრის ხელმძღვანელმა ჯორჯო მარკეტიმ შეცდომა მაშინვე შენიშნა და რუს ფეხბურთელს სხვა ბურთულა ამოაღებინა - მანჩესტერ სიტი.

მოგვიანებით კი უფრო უარესი შეცდომა მოხდა: ატლეტიკოს მეტოქის ამოღებისას, პოტენციური მეტოქეების კალათში მანჩესტერ იუნაიტედის ბურთულა არ იყო მოთავსებული, ატლეტიკოს კი ბაიერნი შეხვდა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები