Thumbnail

რეალი გასაჩივრებას აპირებს! ქაოსი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის გარშემო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მადრიდის რეალი უეფას წინააღმდეგ! ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო კლუბი" წილისყრის შედეგების სრულ ანულირებას გაასაჩივრებს.

როგორც მადრიდულ გრანდში მიიჩნევენ, უკვე ყველასთვის ცნობილ შეცდომას რეალთან დაკავშირებულ მომენტზე გავლენა არ მოუხდენია. საქმე ისაა, რომ ბენფიკა-რეალის წყვილი წილისყრის დროს პირველივე შედგა და უეფამ შეცდომა მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვა. ამგვარად, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ეს წყვილი ძალაში უნდა დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ უეფასა და რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის ევროპის სუპერლიგის გამო დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა.

რა მოხდა წილისყრისას? რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა, რომელიც კალათებიდან ბურთულებს იღებდა, ვილიარეალს მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირა. ეს წყვილი არ შეიძლებოდა შემდგარიყო, რადგან გუნდები ჯგუფშიც ერთად იყვნენ. როგორც გაირკვა, კალათში შეცდომით მოათავსეს იუნაიტედის ბურთულა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი არცთუ დიდი იყო, არშავინმა ვილიარეალთან სწორედ იუნაიტედი ამოიღო. წილისყრის ხელმძღვანელმა ჯორჯო მარკეტიმ შეცდომა მაშინვე შენიშნა და რუს ფეხბურთელს სხვა ბურთულა ამოაღებინა - მანჩესტერ სიტი. მოგვიანებით კი უფრო უარესი შეცდომა მოხდა: ატლეტიკოს მეტოქის ამოღებისას, პოტენციური მეტოქეების კალათში მანჩესტერ იუნაიტედის ბურთულა არ იყო მოთავსებული, ატლეტიკოს კი ბაიერნი შეხვდა.

სწორედ ამიტომ, უეფამ წილისყრის შედეგები გააუქმა და ის ხელმეორედ ჩატარდა, რის შედეგადაც მადრიდულ გრანდს ნაკლებად გაუმართლა და პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება. პირველი მატჩები 2022 წლის 15/16 და 22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 8/9 და 15/16 მარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები