Thumbnail
  • რონალდო უფრო მომთხოვნია, მესის მეტი თავისუფლება სჭირდება
  • ლეოს მწვრთნელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა არასოდეს აქვს
  • ორივე მათგანი ვერ იტანს, როცა ცვლიან, ან ასვენებენ

‘ეს რომ რონალდოს აქ ყოფნის დროს მოხდეს, ალბათ გული წამივა’ - ამას იუვენტუსის საშობაო, მისალოცი ვიდეოს რეჟისორი ამბობს შარშანდელი სეზონისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში. გაგიკვირდებათ და ის, რაც კრიშტიანოს მოსვლისას არ უნდა მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ ჭიქის ჩამოვარდნა და გატეხვაა. ეს კრიშტიანოს ხასიათის დამახასიათებელი შტრიხია - ის ითხოვს, რომ მის გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს ორგანიზებული. მისი ხასიათის ამ თვისებაზე პორტუგალიელის ყოფილი მწვრთნელებიც ამახვილებენ ყურადღებას.

კრიშტიანოს გაწვრთნა ძალიან იოლია - მის დისციპლინაზე, შრომისმოყვარეობასა და პერფექციონიზმზე იმდენი თქმულა და დაწერილა, რომ აღარაფერს გავიმეორებ. სანაცვლოდ, კრიშტიანო სხვებისგანაც იგივეს ითხოვეს - სწორედ ამიტომ აღნიშნავდა ოლე გუნარ სულშერი, რომ პორტუგალიელის მანჩესტერში დაბრუნება ‘მაგისტრატურაში სწავლის’ ტოლფასი იქნებოდა რაშფორდისთვის, გრინვუდისთვის და იუნაიტედის სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის. კრიშტიანო მთელ გუნდზე და გარემოზე მოქმედებს. სამაგიეროდ, მასთან ვერ მოეშვები - რეჟისორი შენიშვნას მაინც იღებს, ოღონდ არა ჭიქის გატეხვის, არამედ იმის გამო, რომ რონალდოს აზრით, გადასაღებ ოთახში ნორმალური სარკე არ არის ჩამოკიდებული.

‘არავის შეუძლია, რონალდოსთან ერთად თავისი მონდომების ხარისხი დააგდოს, ან თუნდაც ერთი დღით მოეშვას. ის ყველაზე და ყველაფერზე გავლენას ახდენს, რომ თავიანთ მაქსიმუმზე იმუშაონ. თუკი მას თამაშის გარჩევის ვიდეოს აჩვენებ, ის შენგან ელოდება, რომ გამოსახულება ნათელი და ზუსტი იყოს. თუკი ასე არ არის, მაშინვე გკითხავს, ნაგავი რატომ მოიტანე?!’ - რონალდოს ყოფილი მწვრთნელი, ‘ატლეტიკთან’ ინტერვიუს დროს - ვინაობას ანონიმურად ტოვებს.

ლეოს შემთხვევაში კი ასე არ არის. მესის პერფექციონიზმზე მეტად თავისუფალი გარემოს შექმნა სჭირდება. ყველა წყარო, რაც კი მესის შესახებ წამიკითხავს, ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს. ლეო ძალიან ჩუმი და ინტროვერტია, გუნდზე ის უფრო მაგალითით, თამაშით, ზემოქმედებს, ვიდრე სიტყვებით. დისციპლინის პრობლემა მას არასოდეს აქვს - ლეოს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და თავისი ხასიათით სახლის ტიპაჟია. ოჯახს მიღმა თითქმის ვერსად ნახავთ. ანუ, მესის იმის პრობლემა არასოდეს ექნება, რომ ვარჯიში გააცდინოს, ან ღამე წვეულებაზე წავიდეს. ეს მისთვის ბუნებრივად ასეა - ბურთთან სიახლოვე ლეოს ბუნებრივად აბედნიერებს. მწვრთნელი მას ამისთვის არ სჭირდება.

თუმცა, კრიშტიანოსგან განსხვავებით, უფრო რთულია მასთან ურთიერთობა, როცა საქმე დეტალებს ეხება - მაგალითად, კვებას ან სპეციალურ ფიზიკურ სავარჯიშოებს. გვარდიოლას მოსვლამდე მესის მენიუში სისტემატიურად იყო პიცა, კოკა-კოლა, პოპკორნი და შოკოლადი. პეპი მოთამაშეების კვებაზე ბევრს ზრუნავდა. თუმცა, თუკი სხვებისგან ამას ღიად და კატეგორიულად ითხოვდა, მესისთან კომუნიკაციის თავისებური ფორმა ჰქონდა. ლეო ძალიან მგრძნობიარეა და მასზე უბრალოდ მეგობრული გადალაპარაკება, ხუმრობა ან თხოვნა უფრო მოქმედებს, ვიდრე სახალხოდ მოთხოვნა, გაფრთხილება ან მუქარა. კვების საკითხზე პეპი და ლეო ბოლომდე ვერც ვერასოდეს დალაგდნენ - მათ ბარსელონურ კარიერაში ასეთი მომენტიც იყო, როცა ლეო გვარდიოლას შენიშვნის მიუხედავად დემონსტრაციულად სვამს კოკა-კოლას. თუმცა პეპი მუდამ ახერხებდა ორივე მიზნის მიღწევას - მესისთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას და არგენტინელის კლუბის მოთხოვნებში მოქცევას.

‘მესის ცოტა უნდა ელაპარაკო და ყურადღებით მოუსმინო იმ რამდენიმე სიტყვას, რომელსაც ის ამბობს’ - პეპ გვარდიოლა

მესი ასეთ დეტალებს ყურადღებას ნაკლებად აქცევს, თუმცა თუ აუხსნი, რომ ეს საჭიროა, მაშინ სიამოვნებით გააკეთებს. საბოლოოდ, კვების საკითხი მესიმ მხოლოდ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, ტიტო ვილანოვას პერიოდში დაალაგა - მას მერე, რაც იტალიელმა ექიმმა ლეოს პირდაპირი კავშირი დაანახა მის კვებასა და ტრავმატულობას შორის.

დაახლოებით იგივე ტიპის განსხვავებაა მესისა და რონალდოს შორის, როცა საქმე ტაქტიკურ დეტალებს ეხება. ანჩელოტი იხსენებს, რომ რონალდო რამოსთან და იკერთან ერთად რეალში ის ფეხბურთელი იყო, რომელიც ვიდეო-ანალიზის დროს ყველაზე ადრე მოდიოდა და ყოველთვის პირველ რიგში იჯდა. ლეო ტაქტიკურ დეტალებში ძალიან კარგად ერკვევა - მას ამის ბუნებრივი ნიჭი აქვს, თუმცა ბარსელონას ინსაიდერები ამბობენ, რომ ყოველთვის უკეთესია, მას ინფორმაცია მოკლედ მიაწოდო, ვიდრე დეტალური განხილვა მოაწყო.

ორივე მათგანს ბევრი საერთო აქვს. მაგალითად, კატეგორიულად ვერ იტანენ შეცვლას, ან თამაშის დასვენების მიზნით გამოტოვებას. შეცვლას მესიც და კრიშტიანოც ცოტა შეურაცხმყოფელად აღიქვამენ. მესის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშია და მან რამდენი გოლი გაიტანა. 90-ე წუთზე 5:0-ზე რომ შეცვალო 3 გატანილი გოლის შემდეგ, ეს მას მაინც ძალიან ეწყინება. ამ მხრივ კრიშტიანო უფრო იოლი სამართავია. ‘არასოდეს შეცვალო ის, რაც არ უნდა მოხდეს’ - ასეთი იყო გვარდიოლას რჩევა ლუის ენრიკეს, ბარსელონაში დანიშვნის შემდეგ.

პეპს ასეთი გამოცდილებაც ჰქონდა - 2011-2012 წლების სეზონში მან ლეო სოსიედადთან რიგით შეხვედრაში დაასვენა. მეორე დილას ნაწყენი მესი ვარჯიშზე საერთოდ არ მივიდა. ამის შემდეგ გვარდიოლამ არგენტინელი დარჩენილი ყველა თამაშის ყველა წუთი ათამაშა. ლეოს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და დასვენებას ან მატჩის გამოტოვებას ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს. კრიშტიანოსთან ამ საკითხის მოგვარება ასევე რთულია, თუმცა უფრო შესაძლებელი. მნიშვნელოვანი მატჩის წინ რიგით შეხვედრაში დასვენება მასთან იოლად შესათანხმებელია.

ორივე მათგანი ითხოვს ყურადღებას. ორივეს სჭირდება იმის განცდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. მაგალითად, რეალში, ბენიტესთან ურთიერთობა რონალდოს პირველ შეხვედრამდე გაფუჭდა - მას შემდეგ, რაც რაფამ პირველ პრესკონფერენციაზე კრიშტიანოს მსოფლიოში არა საუკეთესო, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა, მერე კი უელსის ნაკრებში ბეილს ესტუმრა, კრიშტიანო კი არ უნახავს. ლეოს კარიერაშიც არის მსგავსი მომენტი - იბრას ბარსელონაში გადასვლის შემდეგ მან კლუბის ავტობუსში იქვე მჯდომ გვარდიოლას sms მისწერა - ‘როგორც ვხედავ, ახლა კლუბში მე მნიშვნელოვანი აღარ ვარ’.

პეპის პასუხი ნათელი და გასაგები იყო. ეს იბრას პირველი და უკანასკნელი სეზონი აღმოჩნდა ‘კამპ ნოუზე’. ორივე მათგანს მუდამ სჭირდება იმის განცდა, რომ განსაკუთრებულია და კლუბის ყურადღების ცენტრშია. ეს ორივე მათგანის ხასიათის საერთო შტრიხია. რონალდო საერთოდ იქამდეც კი მივიდა, რომ რეალიდან წასვლის წინ კლუბს დაუთვალა, რომ იქ უფრო მეტი გოლი შეაგდო, ვიდრე იმ სიტყვების რაოდენობაა, რაც ‘სამეფო კლუბმა’ საგადასახადო თაღლითობის ბრალდების დროს მის დასაცავ წერილში გამოიყენა.

მწვრთნელისთვის რონალდოსთან მუშაობა უფრო მარტივიც შეიძლება იყოს და უფრო რთულიც. კრიშტიანოს კარიერაში ყოფილან მწვრთნელები, რომლებთანაც მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. პირველ რიგში ასეთი სერ ალექს ფერგიუსონი იყო, რომლის ხელშიც კრიშტიანო სუპერვარსკვლავად იქცა. ფერგიუსონის მსგავსად, ‘მეორე მამას’ უწოდებდა იგი ლუიშ ფელიპე სკოლარის. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ანჩელოტისთან და შემდეგ უკვე ზიდანთანაც. კრიშტიანო მწვრთნელებისგან ითხოვს, რომ შექმნან სათამაშო სისტემა, რომელიც მას მოგებაში და გოლებში დაეხმარება. თუკი მწვრთნელი სისტემას კრიშტიანოს გარშემო აწყობს, იგი იოლი სამართავია. პირიქით, მწვრთნელს ყოველთვის ხელს შეუწყობს, რომ დანარჩენი გუნდიც მართოს და გუნდში მუდამ იდეალურ სამუშაო გარემოს ინარჩუნებს. ანჩელოტისთან მისი ურთიერთობა თავიდანვე ძალიან კარგად დაიწყო, მას შემდეგ, რაც კარლომ მისი თხოვნით თავისი საყვარელი 4-3-2-1 სქემა შეცვალა და კრიშტიანო ცენტრფორვარდის ნაცვლად, ისევ მარცხენა ფლანგზე დატოვა.

იმ მწვრთნელებთან, რომელთაც რონალდოს სისტემისთვის მორგება სურთ (და არა პირიქით) მას ცუდი ურთიერთობა აქვს და კარიერაში რამდენჯერმე უკვე მოახერხა მწვრთნელის გუნდიდან გაშვება. ასე მოუვიდათ რაფა ბენიტესს, კარლუშ კეირუშს და მაურიციო სარის. კრიშტიანოს არ უნდოდა, რომ მათ სტილს მორგებოდა (ან კი რატომ უნდა გინდოდეს, რომ სარის ან ბენიტესის სტილს მოერგო, როცა კრიშტიანო ხარ?!). ბენიტესთან მისი ურთიერთობა იმდენად გამწვავებული იყო, რომ რაფამ თავის თანაშემწეს სთხოვა, კომპიუტერული ჩიპი გადაეცა, სადაც განხილული იყო, კრიშტიანო როგორ არ მისდევს დაცვაში თავის ვიზავის. ამ დროისთვის მათი ურთიერთობა იმდენად გართულებული იყო, რომ ერთმანეთში თითქმის არც ლაპარაკობდნენ. კრიშტიანომ ჩიპი, რა თქმა უნდა, არ გამოართვა და დაპირდა, რომ ბენიტესს საკუთარ ჩიპს გაუგზავნიდა თავისი გოლებით, რათა ამით ფეხბურთი უკეთ ესწავლა.

‘უდიდესი შეცდომაა, ეცადო, რონალდო სისტემას მოარგო, ან სისტემა მასზე მაღლა დააყენო. ბენიტესი ამას სცდილობდა. არადა პირიქით, უნდა ხვდებოდე, რომ საპირისპირო გააკეთო - გუნდი რონალდოს გარშემო უნდა ააშენო. ის ჩვეულებრივი მოთამაშესავით არასდროს მოიქცევა’ - რონალდოს ყოფილი მწვრთნელი.

ბრიტანული პრესის ცნობით, რონალდო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კლუბს შიგნით გააახმოვანა, რომ სულშერის კვალიფიკაცია დიდი მიზნებისთვის ბრძოლას არ შეესაბამებოდა.

მესი მწვრთნელებთან უფრო დისტანციაზეა. თვით გვარდიოლსთანაც კი მას მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი ურთიერთპატივისცემა შემორჩა, თუმცა ისინი ერთმანეთში ხშირად არ კონტაქტობენ. მათი ურთიერთობა წელიწადში რამდენიმე სატელეფონო ზარს ან sms-ს არასოდეს სცდება. ამიტომ, აშკარა კონფლიქტში ლეო უფრო იშვიათად შედის, თუმცა მწვრთნელის მხარდამჭერიც ღიად ნაკლებად ხდება. მესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა არ შეზღუდოს მისი პირადი თავისუფლების ხარისხი და თვალი დახუჭოს ცალკეულ დეტალებზე.

კვებაზე ზემოთ უკვე გითხარით. ასეთივე თემაა არგენტინის ნაკრები. გვარდიოლამ მესის გული პირველივე ზაფხულს მოიგო, როცა კლუბს სთხოვა, იგი პეკინში, 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაეშვათ თავის ნაკრებთან ერთად. კლუბი მას მანამდე არ უშვებდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები უწევდა. პსჟ-სთან ახალი კონტრაქტიც ისეა აგებული, რომ ლეოს ნაკრებში თამაში ყოველთვის უპრობლემოდ შეეძლოს. ლეო თითქოს გრძნობს, რომ არგენტინასთან ვალშია და ამიტომ, ნაკრები მისთვის ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია.

თუ მესისთან კარგი ურთიერთობა გინდა, უნდა გაიგო, რომ მან თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი. ეს მასთან ურთიერთობის მთავარი პირობაა. ის მწვრთნელის წინააღმდეგ აშკარად არასოდეს მიდის - იგი ღიად არ დაპირისპირებია არც ვალვერდეს და არც კუმანს, მაშინაც კი, როცა მათი საქმეები არცთუ ისე კარგად მიდიოდა.

კრიშტიანოსგან განსხვავებით, მესი ცუდი შედეგების დროს მწვრთნელის მოხსნას არ ითხოვს. ის უფრო ჩუმად არის და ამ ტიპის საკითხები კლუბისთვის აქვს მინდობილი. შედეგად, ლეოს ბევრ ისეთ მწვრთნელთან უმუშავია, რომელთა კვალიფიკაციაც ამ დონეზე კითხვებს იწვევდა, თუმცა ლეოსთან კარგი ადამიანური ურთიერთობის გამო სპეციალისტები პოსტს ინარჩუნებდნენ. მეეჭვება, რონალდოს ტატა მარტინოსთან ან ტიტო ვილანოვასთან მუშაობის სურვილი ჰქონოდა. სამაგიეროდ, თუკი ვინმესთან ჰქონდა ლეოს რთული ურთიერთობა, ეს ლუის ენრიკე იყო, მისი მოსვლიდან პირველ წელს. არადა ლუჩომ ბარსას ‘ტრებლი’ მოაგებინა.

‘ძალიან მარტივია - მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ ვცდილობთ, ის ბედნიერი იყოს. როცა ბედნიერია, მაშინ მისთვის იოლია თავის დონეზე ითამაშოს.’ - პეპ გვარდიოლა.

კრიშტიანო პირიქითაა. მწვრთნელში ჯერ პროფესიონალს აფასებს, რომელიც მას გამარჯვებაშიც ეხმარება და მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენაშიც.

წელს ორივე მათგან ახალი გამოწვევა აქვს. ორივე ახალ კლუბშია. რალფ რანგნიკისა და მაურისიო პოჩეტინოს მთავარი მისია ამ ხალხის სწორად მართვაა. წარსული გვიჩვენებს, რომ მათთან ურთიერთობას ცოდნა უნდა - თავისი სპეციფიკა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები