Thumbnail
  • უეფამ და კონმებოლმა საინტერესო შეხვედრის გამართვაზე მოილაპარაკეს
  • ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან 

ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონების, იტალიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება ლონდონში, 2022 წლის 1-ელ ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას პრესსამსახური ავრცელებს.

სკუადრა აძურამ ევრო ისტორიაში მეორედ მოიგო

უეფამ და კონმებოლმა ხელი თანამშრომლობის განახლებულ და გაფართოებულ მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ღონისძიების დროს მხარეებმა შეათანხმეს მატჩი იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. ამ შეხვედრას, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება, "ფინალისიმა" უწოდეს. 

ლეო  მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში პირველი ტიტული მოიგო

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. რობერტო მანჩინის გუნდმა ტურნირის ფინალში ინგლისს მოუგო (1:1, 3:2 პენალტებით). არგენტინის ეროვნულმა გუნდმა "კოპა ამერიკის" ფინალურ შეხვედრაში, რომელიც "მარაკანაზე" გაიმართა, ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას აჯობა - 1:0. 

მიშელ პლატინი არტემიო ფრანკის თასით

აღსანიშნავია, რომ 1985 და 1993 წლებში ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებს შორის არტემიო ფრანკის თასი თამაშდებოდა. პირველ ჯერზე გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რომელმაც ურუგვაის მოუგო (2:0), მეორედ კი არგენტინამ დანიას აჯობა (1:1, 5:4 პენალტებით).

კომენტარები

ბოლო ამბები