Thumbnail

5 ცვლილება და შარიქაძის გარეშე - შავი ლომის შემადგენლობა ჰითთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 18 დეკემბერი | ⌚ 22:00 | 🏉 თელავივ ჰითი V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • შავი ლომის ძირითადი შემადგენლობა ჰითთან შეხვედრისთვის ცნობილია
  • ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

18 დეკემბერს, "შავი ლომი" ევროპის სუპერთასის მორიგ შეხვედრას ისრაელში, თელავივ ჰითთან ჩაატარებს - სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

სასტარტო შემადგენლობაში, წინა მატჩთან შედარებით, რომელიც ლევან მაისაშვილის გუნდმა 1 კვირის წინ ენისეისთან გამართა, 5 ცვლილებაა - 2 ხაზში და 3 შერკინებაში.

ხაზში ცვლილებების მიზეზი ტრავმებითაა გამოწვეული. სანდრო თოდუა ენისეისთან მატჩში დაშავდა და მას მირიან მოდებაძე შეცვლის. ამასთან, გუნდს ბოლო მომენტში კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოაკლდა, რომელსაც გურამ ქანდაურაშვილი შეცვლის, ხოლო გუნდს შარიქაძის არყოფნაში შალვა მამუკაშვილი უკაპიტნებს. გარდა ამისა, ნიკა აბულაძე, გიორგი პერტაია და ლუკა ივანიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

შავმა ლომმა პირველ წრეში თელავივ ჰითს თბილისში 33:10 მოუგო. ხვალინდელი მატჩი მასპინძლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განვლილი ხუთი მატჩიდან ჰითმა სამი მოიგო – ორჯერ ლოკომოტივ-პენზასთან და ერთხელ ენისეისთან, შავ ლომთან და იმავე ენისეისთან კი თითო მარცხი განიცადა. ამგვარად, თელავივი 14 ქულით მე-3 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება შავ ლომს, ორით კი ენისეის. პლეი ოფში გასასვლელად მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ და მერე ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადადებულ შეხვედრას უნდა დაელოდონ, რომელშიც ენისეი შავ ლომს უმასპინძლებს. თავის მხრივ, გამარჯვება პირველ ადგილზე დააბრუნებს და პლეი ოფში გასვლას დაუბევებს შავ ლომს და დასკვნით მატჩში ის ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ იბერიანსს მასპინძლობს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ ლუზიტანუშს პორტუგალიაში ეწვევა.

⚫️🦁🏉 შემადგენლობა თელავივის წინააღმდეგ დასახელდა: cutt.ly/KY26GGp თელავივ ჰითი v შავი ლომი 18/12 | 22:00 | LIVE 🔴 რაგბი TV/Rugby TV Rugby Europe Rugby Europe Super Cup

Posted by შავი ლომი . Black Lion on პარასკევი, 17 დეკემბერი, 2021

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები