Thumbnail

ტარანენკოს მიღწევა დაძლეულია, რაღა რჩება? საინტერესო ფაქტები ლაშა ტალახაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტაშკენტში მორიგი ტრიუმფი მოიწყო - მსოფლიოს სამი ახალი რეკორდით მეხუთედ გახდა პლანეტის ჩემპიონი. ლაშამ ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი აწია და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული საკუთარი მიღწევა 4 კილოგრამით გააუმჯობესა. ლაშა სულ უფრო უახლოვდება საოცარ შედეგს - 500 კილოგრამს.

ტაშკენტში მსოფლიოს სამი რეკორდით გაიმარჯვა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 26 ოფიციალური რეკორდია (მსოფლიოს)

მართალია, ოფიციალური რეკორდები აქამდეც ლაშას ეკუთვნოდა, მაგრამ რჩებოდა ერთი მიღწევა, რომელიც წონით კატეგორიებში ცვლილებების გამო ოფიციალურ მსოფლიო რეკორდად აღარ ითვლებოდა. ლეგენდარულმა საბჭოთა ძალოსანმა ლეონიდ ტარანენკომ 1988 წელს კანბერაში 266 კილოგრამი დააფიქსირა აკვრაში. რაც 33 წლის განმავლობაში საუკეთესო მიღწევა იყო ადამიანებს შორის, სანამ ლაშა ტაშკენტში 267 კილოგრამს დააფიქსირებდა. 

ლაშა ძალიან ახლოს მივიდა ძალოსნობაში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ძალოსან ნაიმ სულეიმანოღლუსთან, "ჯიბის ჰერაკლეს" ოლიმპიადა სამჯერ აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონატი - 7-ჯერ, ევროპა - 6-ჯერ. ლაშას 1 ოლიმპიური ოქრო, 2 მსოფლიოს ჩემპიონობა და 1 ევროპის ჩემპიონობა აკლია იქამდე. თურქი ათლეტი რამდენიმე წლის წინათ, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლაშა ტალახაძე. საინტერესო ფაქტები

🏋 ლაშა ტალახაძემ ლეონიდ ტარანენკოს მიღწევა აკვრაში 1 კილოგრამით გააუმჯობესა. 

🏋 ლაშა ტალახაძე 2012 წლის მერე ოფიციალურ შეჯიბრებებში არავის დაუმარცხებია.

🏋 2018 წლიდან მოყოლებული ლაშას ცდა არ გაუფუჭებია, მან ზედიზედ 47-ჯერ წარმატებით აწია შტანგა.

🏋 ბოლო გაცუდება 2018 წლის პირველ აპრილზე მოდის, როცა ლაშას ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცი გაუცუდდა.

🏋 ბოლო ათლეტი, ვინც ლაშა ტალახაძე დაამარცხა გორ მინასიანი (სომხეთი) იყო - 2012 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 

🏋 ლაშა ტალახაძის ტიტულები: 2 ოლიმპიური ოქრო, 5 - მსოფლიოს ჩემპიონი, 5 - ევროპის ჩემპიონი.

🏋 ძალოსნობაში ყველაზე ტიტულოვანი ნაიმ სულეიმანოღლუს ტიტულები: 3 - ოლიმპიური ოქრო, 7 - მსოფლიოს ჩემპიონი, 6 - ევროპის ჩემპიონი. 

🏋 კარიერის განმავლობაში მსოფლიოს რეკორდი 26-ჯერ დაამყარა.  

კომენტარები

ბოლო ამბები