Thumbnail

NBA-ის ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა, რომელიც მთავარი ვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე თამაშობდა, ნიუ ორლეან პელიკანსთან ოვერტაიმში 112:116 წააგო. ამ შეხვედრაში ბაქსის ქართველმა ახალბედამ, სანდრო მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა და საკმაოდ ნაყოფიერადაც: 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მილუოკიმ სულ 9 კალათბურთელით ითამაშა. 

behindthebuckpass.com-მა პელიკანსის წინააღმდეგ სანდრო მამუკელაშვილის თამაში შეაფასა: "საკადრო პრობლემების გამო ბუდენჰოლცერი იძულებული იყო, ახალბედა სანდრო მამუკელაშვილისთვის სათადარიგო ხუთეულში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭებინა. ნვორასთვის და მამუკელაშვილისთვის ეს ერთდროულად შესაძლებლობა და ტესტირება იყო, შედეგი არაერთფეროვანია. მამუკელაშვილი ძირითადად სოლიდური იყო იმ 18 წუთში, რაც ბუდენჰოლცერმა მას გამოუყო. სხვათა შორის, მწვრთნელმა ის უფრო მეტ ხანს ათამაშა, ვიდრე სასტარტო დემარკუს კაზინსი. სხვათა შორის, ამ არჩევანმა გაამართლა, რადგან სანდროს 6 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება ჰქონდა, ასევე ჩაჭრა. მამუს იონას ვალანჩუნასთან უწევდა დუელი, ცხადია, ვინ გაიმარჯვებდა ამ ორთაბრძოლაში, მაგრამ მაინც მამუკელაშვილმა ბაქსს ხარიხსიანი წუთები შესძინა. ვინაიდან, მილუოკის "მაღლების" პრობლემა არ ილევა, ახალბედას კიდევ უფრო მეტი დრო მოუწევს მოედანზე". 

19 დეკემბერს (თბილისის დროით 06:00-ზე) ბაქსი შინ კლივლენდს ეთამაშება. "გუნდში ორი მაღალი დარჩა, კაზინსი და მამუკელაშვილი. მათ საკმაო ხანი მოუწევთ კლივლენდთან. მეტოქეს ფარქვეშ ალენი და მობლი ჰყავს, იქ შეღწევა ძნელი იქნება. ასე რომ, მილუოკი ხშირად "დაბალი" ხუთეულით ითამაშებს", - წერს behindthebuckpass.com. 

ამ კომენტარის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გუნდს ვერც დემარკუს კაზინსი დაეხმარება (პირადი მიზეზით). სამაგიეროდ, თანასის ანტეტოკუნმპოს თამაში გამორიცხული აღარ არის. თუ ბერძენი თამაშს შეძლებს, სასტარტო ხუთეულში ის იქნება, თუ არადა - სანდრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები